დღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრები მსოფლიოს საბაჟო ორგანიზაციის წევრ 182 საბაჟო ადმინისტრაციასთან ერთად, საბაჟოს საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. 2021 წელს, საბაჟოს საერთაშორისო დღე საერთო სლოგანით - "საბაჟო ეკონომიკის აღდგენის სამსახურში" აღინიშნება.
საბაჟოს საერთაშორისო დღე თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ონლაინფორმატში გაიმართა. მებაჟე ოფიცრებს პროფესიული დღე მიულოცეს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ და სამსახურის უფროსის მოადგილეებმა.
სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისა და თანამშრომლობისთვის მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ დაწესებული ღირსების მოწმობები გადაეცათ საბაჟო დეპარტამენტის 18 თანამშრომელსა და პარტნიორ უწყებებს, საბაჟოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ფინანსთა მინისტრის მადლობის სერტიფიკატები ასევე გადაეცათ დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს.