17 აპრილი 2024,   02:56
ვრცლად
ვაქცინის ურიგოდ მისაღებად ახალგაზრდა ქალებმა ასაკი ხელოვნურად მოიმატეს - მსოფლიოში უკვე 200 მლნ ადამიანი აიცრა

პანდემიის ერთობლივად დამარცხებისთვის მზადყოფნა მსოფლიო ლიდერებმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოთქვეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და მიმართა ქვეყნებს, შეწყვიტონ კოვიდ-19-ის პოლიტიზირება.

კონფერენციაზე გეოპოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვის აუცილებლობაზე ისაუბრა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა მსოფლიო ლიდერებს კიდევ ერთხელ მოუწოდა დაუყოვნებლივ შეიქმნას ვაქცინაციის გლობალური გეგმა.

კოვიდ 19-ის შემთხვევების კლების ფონზე, ევროპა რეგულაციების შემსუბუქებას ნაადრევად მიიჩნევს. ნიდერლანდების პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება კომენდატის საათი მინიმუმ მარტამდე გახანგრძლივდეს, ქვეყნის პრემიერ მინისტრის განცხადებით, დაწესებულმა შეზღუდვებმა, კოვიდ-19-ის ახალი შტამის გავრცელება მნიშვნელოვნად შეამცირა.

გერმანიასთან საზღვარი ჩაკეტა დანიამ, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გერმანიის საზღვართან მდებარე ქალაქ ფლენსბურგში ახალი კლასტერი გაჩნდა.

ინფიცირების შემთხვევები მცირდება საფრანგეთში, თუმცა ჰოსპიტალიზებული პაციენტების სტატისტიკური მაჩვენებელი კვლავ მზარდია, რისკ-ჯგუფების ასაკობრივი ზღვარი კი მცირდება.

ვაქცინაციისა და არსებული შეზღუდვების ფონზე თურქეთმა საერთაშორისო და შიდა ტურიზმის აღდგენაზე დაიწყო ფიქრი. მცირე მეწარმეების ნაწილი პანდემიასთან ადაპტაციას შეეცადა , რამაც რიგ შემთხვევებში გაამართლა. გაიხსნა გუმბათოვანი კარვები, რაც საშუალებას იძლევა, მოქალაქეებმა კარანტინის პერიოდი სასტუმროს ნაცვლად ბუნებაში მოწყობილ კარავში გაატაროს. თურქეთის ტურიზმის სააგენტოს ცნობით, პანდემიის გამო, ქვეყანაში ტურისტული ბიზნესი 2/3-ით შემცირდა.

"ბლუმბერგის" მონაცემებით, მსოფლიოს 87 ქვეყანაში ამ დროისთვის ვაქცინა 200-მა მილიონმა ადამიანმა გაიკეთა. დაფიქსირდა ვაქცინის ურიგოდ მიღების შემთხვევებიც. ფლორიდაში, ახალგაზრდა ქალებმა იმ იმედით, რომ ვაქცინის მიღებას დროზე ადრე შეძლებდნენ ასაკი ხელოვნურად მოიმატეს, თუმცა დაავადებათა კონტროლის სამსახურმა ვაქცინის თაღლითურად მიღების მცდელობა აღკვეთა. როგორც ყველგან, შეერთებულ შტატებშიც, ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტი ხანდაზმულებსა და ექიმებს ენიჭებათ.

 

ავტორი : შმაგი ლიპარტელიანი

დღის ამბები