25 აპრილი 2024,   21:01
ვრცლად
მოვუწოდებთ ხელისუფლებას თავი შეიკავოს ძალადობრივი დარბევებისგან, სამართალდამცავები ნუ დაემორჩილებით უკანონო ბრძანებებს - ქეთევან ხუციშვილი

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხელისუფლებას მოუწოდებენ, გააკეთონ ყველაფერი, რათა აღდგეს მოლაპარაკებები მასსა და ოპოზიციას შორის. ისინი მიმართავენ საერთაშორისო თანამეგობრობას, რაც შეიძლება აქტიურად ჩაერთონ მოლაპარაკების პროცესში და აქტიურად სცადონ დამძიმებული სიტუაცია განიმუხტოს. 

"რადგანაც სიტუაცია განმუხტვის ნაცვლად მძიმდება დღის მანძილზე, გვინდა მოვუწოდოთ  ხელისუფლებას, პირველ რიგში, თავი შეიკავოს სისხლისღვრისგან, თავი შეიკავოს ძალადობრივი დარბევებისგან და გააკეთოს ყველაფერი, რომ აღდგეს დიალოგი მასსა და ოპოზიციას შორის

გვინდა მოვუწოდოთ სამართალდამცავებს, ნუ დაემორჩილებით უკანონო ბრძანებებს, ნუ იზამთ ისე, რომ ფუნდამენტური უფლება გამოხატვის თავისუფლებისა იყოს დარღვეული ამ ქვეყანაში დღეიდან. ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობას კი გვინდა მოვუწოდოთ, რაც შეიძლება აქტიურად ჩაერთონ მოლაპარაკების პროცესი, რაც შეიძლება აქტიურად სცადონ რომ ეს დამძიმებული სიტუაცია განიმუხტოს, დაიწყოს დეესკალაცია და დავუბრუნდეთ დემოკრატიის იმ ჩანასახებსაც კი, რომელიც ამ ბოლო წლებში იქმნებოდა ქვეყანაში,“ - აცხადებს ”ღია საზოგადოების ფონდის” აღმასრულებელი დირექტორი, ქეთევან ხუციშვილი. 

”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით, ხელისუფლებამ ისედაც კრიზისში მყოფი პოლიტიკური მდგომარეობა კიდევ უფრო ჩიხში შევიდა.

"დილის გადაწყვეტილება ეს იყო პიკი, რაც კი შეიძლებოდა ხელისუფლებას მიეღო, იმისთვის რომ პროცესების კრიზისი კიდევ უფრო გაეღრმავებინა, ამიტომ ამ პროცესების კიდევ უფრო მეტ ჩიხში შეყვანა მხოლოდ და მხოლოდ დააზიანებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ერთადერთი და ყველაზე სწრაფად რაც უნდა მოხდეს, ეს არის ის რაც უკვე გაჟღერდა, რომ დღეს სამოქალაქო საზოგადოებას და აქტივისტებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, გამოხატონ თავისი პროტესტი და სიტყვა,“ - განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა

დღის ამბები