სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი და ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე, დღეს საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურებასა და ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ კრიტიკას აფასებს და აღნიშნავს, რომ ნებისმიერი კრიზისის დროს, პასუხს ხელისუფლება აგებს, მიუხედავად იმისა, თუ როგორ იქცევა ოპოზიცია.
"მე მსგავსი მკაცრი კრიტიკა 7 ნოემბრის შემდეგ არ მახსოვს, ეს ძალიან შემაშფოთებელია, რადგანაც ამას საელჩო აკეთებს და არა რომელიმე თუნდაც გავლენიანი კონგრესმენი. საელჩოს განცხადება, პირდაპირ შეგვიძლია ამერიკის პოზიციად ჩავთვალოთ. ყოველთვის, ნებისმიერი კრიზისის დროს, პასუხს აგებს ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, თუ როგორ იქცევა ოპოზიცია. ეს კრიზისი კი თავად შექმნეს, რადგანაც პოლიტიკურად და პრაგმატულად არაფერი აუცილებელი არ იყო. ამ სიტუაციაში, რა საჭირო იყო აუტკივარი თავის ატკიება, გაუგებარია.
რა მოხდებოდა, გაეწელათ ეს პროცესები რამენაირად და ოფისის შტურმი არ დაეწყოთ. იქნებ ორივე მხარეს რაღაც კომპრომისი მოეძებნა. ოცნებამ თავისი თავიც შეიყვანა ჩიხში და სახელმწიფოც. ალბათ რევოლუციას ვერ დაიწყებს ოპოზიცია და იმედი მაქვს არ დაიწყებს კანცელარიის შტურმს, მაგრამ ეს ხომ, ყველაფერი არ არის.
ძალიან მძიმე კრიტიკა მოდის დასავლეთიდან. ხელისუფლებამ გამოსავალი უნდა მოძებნოს, მოიფიქროს, რომ როგორმე, ამ ეტაპზე, მელია გამოუშვას ციხიდან. ეს მინიმუმია, რაც უნდა ქნან. სააკაშვილი მაგალითად, მსგავსი მძიმე კრიტიკის შემდეგ გადადგა, ამით ყველაფერია ნათქვამი," - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.