02 მარტი 2021,   00:06
ვრცლად
რისკის ქვეშ დავდექით, ხელი ჩაიქნიოს ჩვენზე დასავლეთმა რომ ჩვენ არაფერი გვეშველება - იაგო ხვიჩია

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ენმ-ს ოფისთან დღეს დილით მიმდინარე მოვლენები იყო ძალიან დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი. იაგო ხვიჩიას განმარტებით, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა სასამართლოს გადაწყვეტილება ჩათვალეს არალეგიტიმურად, რითაც იაგო ხვიჩიას თქმით, საქართველოს ხელისუფლებასაც დაუდგა ლეგიტიმურობის პრობლემა.

"მე ვერაფერს ვიტყვი განსხვავებულს იმისგან, რაც თქვა ამერიკის საელჩომ, რომ ეს იყო უკან გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯი გზაზე, ანუ ფაქტობრივად ამ ხელისუფლებას შეექმნა სასამართლო გადაწყვეტილების ლეგიტიმურობის პრობლემა.

ჩვენმა საერთაშორისო მეგობრებმა, ამერიკის საელჩომ, სასამართლოს გადაწყვეტილება ჩათვალეს არალეგიტიმურად, რითაც ფაქტობრივად საქართველოს ხელისუფლებას დაუდგა ლეგიტიმაციის პრობლემა, რომ მის მიერ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები სინამდვილეში არის ისეთი, რომელიც ქვეყანას უკან ხევს ევროატლანტიკურ გზაზე. ჩვენ სინამდვილეში დღეს მართლა ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით უკან და მთავარი პრობლემა ამ ქვეყანაში არის ის, რომ მთელი მსოფლიოსთვის, რომელიც ახლა ჩვენ გვიყურებს ჩვენ ვართ რაღაც მართლა პოსტსაბჭოთა ქვეყანა, სადაც პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ხელისუფლებაში არიან ოპოზიციას დასაჭერად დასდევენ.

ასეთი რისკის ქვეშ დავდექით, რომ საერთოდ ჩაიქნიოს ხელი ჩვენზე მთელმა დასავლეთმა და ცივილურმა სამყარომ იმ არგუმენტით, რომ ჩვენ არაფერი არ გვეშველება. 30 წელია ვარსებობთ როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა და 30 წლის თავზე, მეორე ადგილზე გასული ანუ გამარჯვებული ოპოზიციური ძალის თავმჯდომარეს ვიჭერთ საკუთარ ოფისში. უზარმაზარი ზიანი მიიღო დამოუკიდებელმა საქართველომ.

„ქართულმა ოცნებამ“  სცადა, რომ ეს თამაში იყოს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლა, რაშიც ესენი ბოლო 8 წლის განმავლობაში არიან. ამ 8 წლიანი ბრძოლის თავზე მივედით იქამდე, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან ის ხალხი, რომლებიც ფაქტობრივად გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვკარგავთ პოზიციებს ევროატლანტიკურ გზაზე, რომელიც იყო მართლა ქართველი ხალხის ოცნება.

ამას მოჰყვება ცოტა ხანში იმ თანხებთან დაკავშირებით პრობლემები, რომელიც ჩვენ კორონასთან უნდა გვებრძოლა და ამისთვის უნდა გამოეყო საერთაშორისო თანამეგობრობას, მაგრამ ასეთი ნაბიჯების მერე ხომ ძალიან გასაგებია, რომ ასეთი დაფინანსებები, რომლებიც შეიძლება საქართველომ მიიღოს გამოყენებული იქნება არა ხალხის დასახმარებლად, არამედ რეჟიმის კიდევ უფრო მეტად გასაძლიერებლად,“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები