პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ სამართლებრივი გზა ახლაც არსებობს და ეს არის ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდა, ან მის მიერვე ბრალის აღიარებაა.
"სამწუხაროა, რომ ვითარების ასეთი ესკალაცია საბოლოო ჯამში აქამდე მივიდა, თუმცა ამას წინ უძღვოდა ნიკა მელიას მიერ სახელმწიფოს ღიად გამოწვევა. სამწუხაროა ასევე ის, რომ ოპოზიციის ლიდერი საკუთარი გადაწყვეტილებებით სხვა გზას არ ტოვებს გარდა იმისა, რომ ის აყვანილი იყოს პატიმრობაში.
სამართლებრივი გზა ახლაც არსებობს, ეს არის ისევ და ისევ გირაოს გადახდა და ასევე, ნიკა მელიას მიერ ბრალის აღიარება. ამ შემთხვევაში, გამოსავალი ყველასთვის ძალიან კარგი იქნება. კანონი სხვა გზას არ უშვებს, ერთი არის გირაოს გადახდა და მეორე ბრალის აღიარება,"- აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ნიკოლოზ სამხარაძემ დასავლელი პარტნიორების მოწოდებები შეაფასა და აღნიშნა, რომ თუკი დასავლურ ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს.
"კანონის მიმართ უპატივცემულობაც არ არის საქართველოს პრობლემების გადაჭრის გზა. როდესაც ჩვენ დასავლურ ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს. სწორედ ამ კანონს გამოუცხადა დაუმორჩილებლობა ნიკა მელიამ და ამიტომ აღმოჩნდა საპატიმროში. რაც შეეხება სანქციებს, არ მგონია ეს იყოს, რადგანაც სანქციებს სჭირდება იურიდიული საფუძველი, რომელიც არ არსებობს. ვფიქრობ, რომ შემდეგი ნაბიჯი საერთაშორისო საზოგადოების იქნება მოწოდება დიალოგისკენ,"- აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.