განათლების საპარლამენტო კომიტეტმა განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს გაყოფას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. ცალკე უწყებად იმუშავებს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომელსაც სავარაუდოდ თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს. დღევანდელ სხდომას ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ დასწრებია.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის შალვა პაპუაშვილის თქმით, დაკვირვებამ აჩვენა, რომ მსგავსი სიდიდის სამინისტროს ეფექტური მართვა რთულია. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მარტის ბოლოს უკვე ცალკე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო იქნება და იმ დროს იქნება ასევე განსაზღვრული, ვინ იქნება მინისტრი.
"ანალიზმა აჩვენა, რომ ასეთი ტიპის დიდი სამინისტროს ფარგლებში რთულია ამ სამივე დიდი სფეროს ეფექტიანი მართვა. მარტის ბოლოს ჩვენ უკვე გვექნება ცალკე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და იმ დროს იქნება ასევე განსაზღვრული, ვინ იქნება მინისტრი. ეს რა თქმა უნდა, პრემიერ- მინისტრის კომპეტენციაშია.
მინისტრი უნდა იყოს პოლიტიკოსი, ის უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც შეუძლია სფეროს მართვა. ხარჯები არ იზრდება იმ ასიგნებების ფარგლებში, რომელიც აქვს განათლების მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, მოხდება შესაბამისი გამიჯვნა ამ თანხების,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ახალი უწყების შექმნას ეწინააღმდეგება პარტია "მოქალაქეები". ალეკო ელისაშვილი არ ემხრობა აზრს, რომ კულტურის სამინისტრო ცალკე გამოეყოს, რადგან ეს ხარჯებს გაზრდის.
"კატეგორიულად არ ვემხრობი იმ აზრს, რომ კულტურის სამინისტრო ცალკე გამოეყოს და ცალკე შეიქმნას პარლამენტში კულტურის კომიტეტი, იმიტომ, რომ ეს ხარჯებს გაზრდის. რა საჭიროა ცალკე კულტურის სამინისტროს შექმნა. უფრო მეტი ყურადღება რომ მიაქციონ დარგს, ეს არის უბრალოდ გაუგებარი. ცალკე შენობიდან თუ არ მიაქციე კულტურაში დასაქმებულ ხალხს ყურადღება, ერთ მთლიან შენობაში, სადაც განათლების სამინისტროც არის, ისე ვერ აქცევ? ეპატარავება ქალბატონ წულუკიანს პარლამენტი და სჭირდება ახლა, რომ ცალკე სამინისტრო შეუქმნან. მინისტრად არის ის მოწოდებით დაბადებული,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
პარტია ”ევროპელი სოციალისტების” პოლიტიკური საბჭოს წევრი დავით ზილფიმიანი სამინისტროს გაყოფის მომხრეა. მისი თქმით, განათლების და კულტურის სამინისტროების გაერთიანება თავიდანვე არ უნდა მომხდარიყო.
"თავიდანვე არ უნდა გაერთიანებულიყო, იმდენად გიგანტი სამინისტროა, წარმოიდგინეთ განათლება და მეცნიერება. ამას კიდევ რა უნდა დაუმატო? ზოგიერთ ქვეყანაში ცალკეა განათლება და ცალკეა მეცნიერება. განათლებას და მეცნიერებას კიდევ სპორტი და კულტურა დაუმატო, როგორ უნდა მართო? ქალბატონი თეა იმის გამო, რომ მას აქვს გამოცდილება, მას აქვს საორგანიზაციო გამოცდილება, ამ ეტაპზე ცუდი არ იქნება,“ - აღნიშნა დავით ზილფიმიანმა.