20 აპრილი 2024,   15:52
ვრცლად
პოლიტიკოსები აირჩიეს იმისთვის რომ ქვეყანა მართონ და არა იმისთვის, რომ ერთმანეთში გაუთავებლად იკინკლაონ - დენიელ ტვაინინგი

ნიკა მელიას დაპატიმრებიდან მესამე დღესაც საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურება ამ საქმეზე გრძელდება - განცხადებები ისმის ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან. მთავრობის გადაწყვეტილების კრიტიკასთან ერთად ისმის მოწოდებები ყველა პოლიტიკური მხარის მიმართ, რომ ვითარება დიალოგის გზით, დაუყოვნებლივ განმუხტონ.

IRI-ის ხელმძღვანელი დენიელ ტვაინინგის განცხადებით, არც ერთი მათგანი არ ელოდებოდა იმას, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, მთავრობის უსაფრთხოების ძალები, ოპოზიციური პარტიის სათაო ოფისში რეიდს მოაწყობდნენ.

დენიელ ტვაინინგის განცხადებით, ყველა მხარეა პასუხისმგებელი, ყველა პოლიტიკური მოთამაშე უნდა იყოს კონსტრუქციული და წესების მიხედვით უნდა ითამაშონ.

"არცერთი ჩვენგანი არ ელოდებოდა იმას, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მთავრობის უსაფრთხოების ძალები ოპოზიციური პარტიის სათაო ოფისში რეიდს მოაწყობდა. ამასთან, თითოეული ჩვენგანი მოელის, რომ პოლიტიკური ოპოზიციის ჯგუფები კონსტრუქციულად იმუშავებენ. პოლიტიკოსები აირჩიეს იმისთვის, რომ მათ ქვეყანა მართონ და ქვეყანა წინ წაიყვანონ რეფორმებისა და ზრდის გზით. მათ არ აირჩიეს პოლიტიკოსები იმისთვის, რომ ერთმანეთში ასე გაუთავებლად იკინკლაონ.

ვფიქრობ, ყველა მხარეა პასუხისმგებელი. ეს არ არის მხოლოდ მთავრობა და მხოლოდ ოპოზიცია. ყველა პოლიტიკური მოთამაშე უნდა იყოს კონსტრუქციული და ყველამ წესების მიხედვით უნდა ითამაშოს, თუმცა, მთავრობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია. მთავრობა აკონტროლებს უსაფრთხოების ძალებს, მთავრობა მართავს ქვეყანას. საქართველოს მთავრობა წარმოადგენს ყველა მოქალაქეს და არა მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებმაც მას ხმა მისცეს. იმედი მაქვს, ყველა მხარე ერთ ნაბიჯს უკან გადადგამს და შეიმუშავებს წინ წასვლის სწორ გზას. იყო მოწოდებები ორივე მხრიდან, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს, არ უნდა იყოს ისე, რომ გაჟღერდეს მოლაპარაკებების მოწოდება და ამავე დროს, რაღაც სხვა აკეთო, რასაც ღირებული შედეგი არ მოაქვს.

ეს პოლარიზება, დაპირისპირება და დაძაბულობა საუკეთესო ვექტორია მტრულად განწყობილი მოთამაშეებისთვის, როგორიცაა რუსეთი, ან ქვეყნის შიგნით არსებული ექსტრემისტული ძალებისთვის იმის გასაკეთებლად, რაც ქართველი ხალხის ინტერესებში არ შედის," - აცხადებს დენიელ ტვაინინგი.

დღის ამბები