22 აპრილი 2021,   23:48
ვრცლად
შეეწირება, თუ არა ნიკოლ ფაშინიანის თანამდებობა რუსულ სარაკეტო კომპლექსს - პრემიერის წინააღმდეგ საპროტესტო ტალღა გრძელდება

შეეწირება, თუ არა ნიკოლ ფაშინიანის თანამდებობა რუსულ სარაკეტო კომპლექსს - სომხეთის პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებები "ისაკანდერზე", ფაშინიანის წინააღმდეგ ახალი საპროტესტო ტალღის აგორების კიდევ ერთი მიზეზი გახდა.

ერევანში აქციებს დასასრული არ უჩანს. ოპოზიციამ მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ფაშინიანის წასვლის დროა. მას შემდეგ, რაც ქვეყნის მთავარმა სამხედრო შტაბმაც იგივე მოითხოვა, სომხეთის დედაქალაქში აქციები განახლდა, თან უვადოდ.

მედიის ცნობით, დაახლოებით 1 000-მდე ადამიანმა გამოთქვა პროტესტი სახელმწიფო უწყებების შენობებთან. მსვლელობების დროს ფაშინიანის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის პერიოდულად დაპირისპირებაც იყო, თუმცა ყველაფერი მშვიდობიანად გადაწყდა.

ოპოზიციის მოთხოვნებს შორის ფაშინიანის გადადგომის გარდა დასახელდა ვადამდელი არჩევნებიც. იმ ადამიანებს შორის კი, ვინც მთავრობის მეთაურს ყარაბაღის კონფლიქტში სამხედრო მარცხს ვერ პატიობენ, მისი წინამორბედებიც არიან.

სამხედრო გადატრიალების ზღვარზე მყოფ ერევანს ახლა მთელი მსოფლიო აკვირდება. აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოში განვითარებული პროცესები შეაფასა ევროკავშირმა, რომელმაც შეიარაღებულ ძალებს კონსტიტუციით ნაკისრი პოლიტიკური ნეიტრალიტეტი შეახსენა. ეუთო კი საქართველოს შემდეგ ახლა უკვე სომხეთსაც სთხოვს თავშეკავებას, რათა პრობლემა ძალადობის გარეშე გადაიჭრას.

რუსეთი დუმს და დეკლარირებულად გულგრილია - ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით უკვე ესაუბრა ვლადიმერ პუტინი, თუმცა მედიას საუბრის დეტალები პროტოკოლური ტექსტით მიაწოდეს, რომ რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდა.

ნიკოლ ფაშინიანი ოპოზიციას ქვეყნის ჩიხიდან გამოსაყვანად მოლაპარაკებებში ჩართვისკენ მოუწოდებს. იმ სამხედროებს კი, ვინც გენშტაბის განცხადების შემდეგ თვითნებურად დატოვეს მსახურების პოსტები, სთხოვს სამუშაოს დაუბრუნდნენ და ქვეყნის დაცვა განაგრძონ.

დღის ამბები