19 აპრილი 2024,   14:15
ვრცლად
ოპოზიცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თბილისში ვიზიტს ქვეყანაში კრიზისის განმუხტვის შესაძლებლობად მიიჩნევს

ქვეყანაში კრიზისის განმუხტვის შესაძლებლობა - ასე ეხმაურებიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თბილისში ჩამოსვლას ოპოზიციური პარტიები. მათი განმარტებით ვიზიტის მთავარი მიზეზი - ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისია.

მათ უკვე გამართეს მოსამზადებელი შეხვედრა, სადაც შეჯერდნენ, რა საკითხებზე ისაუბრებენ შარლ მიშელთან. მათი თქმით, ამ რანგის პოლიტიკური ფიგურის ჩამოსვლა სერიოზულ ზეწოლას მოახდენს ხელისუფლებაზე და აიძულებს მათ წავიდნენ კომპრომისებზე.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ შარლ მიშელის ვიზიტი იქნება მნიშვნელოვანი, კრიზისის განმუხტვის თვალსაზრისით, იმ შემთხვევაში თუ "ქართული ოცნება" გამოიჩენს საკმარის პოლიტიკურ სიბრძნეს და მოუსმენს დასავლელ პარტნიორებს.

"ევროპული საქართველოს" წევრ კაკო ბობოხიძეს შარლ მიშელისგან მკაცრი განცხადებების მოლოდინი აქვს.

"ლელოში" მიაჩნიათ, რომ ვიზიტების დროს გამართული შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ქვეყანაში შექმნილი კრიზისი იქნება. საბა ბუაძის თქმით, ოპოზიცია აპირებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს კრიზისზე და ამ კრიზისიდან გამოსვლის გზებზე დეტალურად ესაუბროს.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის პაატა მანჯგალაძის თქმით, მნიშვნელოვანია რომ შარლ მიშელი შექმნილ ვითარებას ადგილზევე გაეცნობა.

"გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ შარლ მიშელის ვიზიტი და დაგეგმილი შეხვედრები არის ნიშანი იმისა, რომ დასავლელ პარტნიორებს საქართველო ჯერ კიდევ ახსოვთ და ცდილობენ ქვეყანას კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარონ.

დღის ამბები