25 აპრილი 2024,   04:25
ვრცლად
პარლამენტის პიკეტირების და პროვოკაციების მცდელობა ნიშნავს, რომ ოპოზიცია არ არის მზად მოლაპარაკებებისთვის - მამუკა მდინარაძე

პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს. დღეს სამშაბათია და დეპუტატების შეკრება ტრადიციულად პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა. საუბრის თემა ძირითადად ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი და ის მოლაპარაკების პროცესია, რომელიც შარლ მიშელის შუამავლობით დაიწყო.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტის პიკეტირება და პროვოკაციების მცდელობა იმის მანიშნებელია, რომ დღეის მდგომარეობით ოპოზიცია მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის.

"აქვთ პარლამენტის პიკეტირების და პროვოკაციების მცდელობა ჩვენს ოპონენტებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი რეალურად დღეს, ყოველ შემთხვევაში ამ წუთის მდგომარეობით, არ არიან მზად მოლაპარაკებებისთვის. ამ ეტაპზე ჩვენ ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენლისგან რაიმე სახის კომპრომისული წინადადება მათი უამრავი განცხადებების მიუხედავად, თუნდაც ერთი გადმოდგმული ნაბიჯის საერთო კონსენსუსის მისაღწევად, არ გვინახავს," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის ფარგლებში ყველა ის საკითხი დაისვა, რაც ქვეყანაში პოლარიზებულ გარემოს ქმნის.

"შეხვედრის ფარგლებში პოლიტიკური პარტიების მხრიდან გაჟღერდა ყველა ის საკითხი, რაც ქმნის პოლარიზებულ გარემოს ქვეყანაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა მზაობა, რომ პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში წარიმართოს დიალოგის რეჟიმში," – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას განცხადებით, პროკურატურა იმით არის დაკავებული, რომ რაიმე მოიფიქროს, რათა ნიკა მელია პატიმრობიდან გაათავისუფლოს.

"არ შეიძლება სახელმწიფო ინსტიტუციების წინ გაილაშქრო და დარჩეს პასუხგაუცემელი. პროკურატურა იმით არის დაკავებული, რომ რა მოიგონოს კიდევ, რომ ეს ადამიანი გარეთ გამოუშვას. გირაოს გირაო შეუფარდა, არ არსებობს ეს პრეცედენტი," – აცხადებს ირაკლი ზარქუა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ რიგი ოპოზიციური პარტიებისა ცდილობენ არგუმენტების უმწვავესი დეფიციტის განცდა ხელოვნურად შექმნილი კრიზისის გზით შეავსონ.

"რიგი ოპოზიციური პარტიებისა ცდილობს, რომ საკუთარი მოთხოვნები იმ პირობებში, როდესაც განიცდიან უმწვავეს დეფიციტს არგუმენტებისას, შეავსონ ხელოვნურად კრიზისების შექმნის გზით და ცდილობენ,  ადამიანებს ნაცარი თვალში შეაყარონ და რეალურად გამოიწვიონ ხელოვნური კრიზისი," – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია კი, შალვა ნათელაშვილს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

"შალვა ნათელაშვილი იმდენ სისულელეს ლაპარაკობს, რომ პასუხის გაცემაც არ ღირს. დაიწყო ტყუილების მოყოლა ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ. გავიგე, რომ ინგლისური შეიძლება არ იცოდე და ვერ გაიგო იქ რაზე იყო საუბარი. ის მეშვიდე მოწვევის პარლამენტშიც ასე იყო, ნაცნობი იყო მისი უფლებამოსილება, ხელფასს იღებდა და მეტსაც გეტყვით, ბინის ქირასაც იღებდა. ზოგიერთ ყალბ ოპოზიციონერებს ჟივილ-ხივილს და ყალბი განცხადებების გაკეთებას, მინდა მოვუწოდო, რომ ფასილიტაციიდან ფალსიფიკაციაზე ნუ გადახვალთ," - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

დღის ამბები