პარლამენტის სხდომათა დარბაზში "მოქალაქეებისა" და "ევროპელი სოციალისტების" წარმომადგენლებმა დღეს პოლიტიკური პროცესების დეესკალაციის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
ალეკო ელისაშვილმა ყოფილ თანამებრძოლეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენები - პიკეტირება და საპროტესტო აქციები დიალოგის პერსპექტივაზე ნეგატიურად აისახება.
"სამარცხვინოა, რომ ჩვენ, ქართველ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან ლაპარაკი შუამავლების და უცხოელების გარეშე არ შეგვიძლია, მაგრამ კიდევ კარგი, რომ მთლად ერთმანეთის პირისპირ და ანაბარად არ ვართ მიტოვებულები.
დღეს რაც პარლამენტის გარშემო ხდება, ეწინააღმდეგება იმ სულისკვეთებას, რაც გუშინ იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში. ჩვენ იქ შევთანხმდით, რომ ორმხრივად შეწყდება პროვოკაციები, ორმხრივად შერბილდება ტონი, ორმხრივად შევიკავებთ თავს შეურაცხმყოფელი გამოხტომებისგან და განცხადებებისგან და კარგი იქნება, რომ ეს ორმხრივად გავიაზროთ," - განაცხადა პარლამენტის წევრმა და პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა.
პარლამენტის წევრის და პარტია "ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარის, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, თითქმის არც ერთი თანამდებობის პირი არ დარჩა, ვინც ორივე მხარეს შერიგებისკენ არ მოუწოდებს.
"მთელი ევროპა ჩამოვიდა და თითქმის არავინ დარჩა თანამდებობის პირი, რომელიც ჩვენ შერიგებისკენ არ მოგვიწოდებს. ხელისუფლება უნდა იყოს თავის ადგილას. სანამ ველოდოთ ჩვენ, რომ კიდევ დაიბადება დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე?!" - აცხადებს ფრიდონ ინჯია.