18 აპრილი 2024,   11:54
ვრცლად
პრემიერი უნდა გადადგეს, მან სამშობლო გაყიდა - სომხეთში საპროტესტო ტალღა არ წყდება

სომხეთის დედაქალაქ ერევანში საპროტესტო ტალღა არ წყდება. ხვალისათვის ოპოზიცია მასშტაბური აქციისთვის ემზადება, იქამდე კი დედაქალაქის მთავარ ქუჩაზე გაშლილია კარვები. ბაგრამიანის გამზირზე შეკრებილები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ, საპასუხოდ პრემიერი რიგგარეშე არჩევნებზე საუბრობს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ლევონ კარაპეტიანი მიიჩნევს, რომ ფაშინიანმა ქვეყანა გაყიდა და ის თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის დავალებებს ასრულებს.  

"აქ იმიტომ ვართ, რომ პრემიერი გადადგეს, მან სამშობლო გაყიდა. ჩვენი ქვეყანა ისევ ფეხზე უნდა წამოდგეს, ამიტომ, მისი გადადგომა აუცილებელია. გაუნათლებელი და მავნებელია. გვყავს ადამიანები, რომელთაც შეუძლია ქვეყანას ძველი დიდება დაუბრუნონ. ფაშინიანი და ალიევი ერდოღანის შვილობილები არიან, რასაც ის ეუბნება, იმას ასრულებენ. სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს და ღალატისთვის პასუხი აგოს,"- აცხადებს ლევონ კარაპეტიანი.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე, გორ სარქისიანი მიიჩნევს, რომ ქვეყნის პრემიერი არა მარტო თანამდებობიდან უნდა გადადგეს, ქვეყანაც უნდა დატოვოს. 

"ვითხოვთ ნიკოლ ფაშინიანის არა თუ თანამდებობიდან, არამედ ქვეყნიდან წასვლას. აქ იმ დრომდე ვიდგებით, ვიდრე ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მოთხოვნა კი მარტივია - ფაშინიანი უნდა გადადგეს,"- აცხადებს გორ სარქისიანი.

აღსანიშნავია, რომ ხვალ მასშტაბური აქციის გამართვას ნიკოლ ფაშინიანის მომხრეებიც აპირებენ, რომელთაც არ სურთ, პრემიერმა პოსტი დატოვოს. 

ამასთან, ნიკოლ ფაშინიანმა ოპოზიციის ლიდერს შეხვედრა და მოლაპარაკება შესთავაზა, რომელიც, სავარაუდოდ, ხვალ შედგება. 

ავტორი: ლიკა ალელიშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები