ერევანში პროტესტი გრძელდება - ოპოზიცია და აქტივისტები შაბათს მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან. მოთხოვნა უცვლელია, გადადგეს პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.
კარვების ქალაქად ქცეულ მარშალ ბაგრამიანის გამზირზე ამ დროისთვის საპროტესტო აქცია ისევ გრძელდება. დღეს დამატებითი აქციის მონაწილეებში გამოიწვია საგამოძიებო კომიტეტმა, რომელმაც დღეს სომხეთის ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ვაზგენ მანუკიანს ბრალი წაუყენა.
ექსპერტები "კურიერთან" განმარტავენ, რომ საპროტესტო მსვლელობები მხოლოდ ერთი მიზეზით ვერ აიხსნება, თუმცა ვითარება მას შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა, რაც სომხეთის პრემიერმა 2020 წლის 9 ნოემბერს ყარაბაღის საკითხზე ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
"ფაშინიანის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მხოლოდ ერთი მიზეზით ვერ ავხსნით, თუმცა, რა თქმა უნდა, სიტუაცია მას შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა, რაც მოქმედმა პრემიერმა 2020 წლის 9 ნოემბრის ხელშეკრულებას ყარაბაღის საკითხზე ხელი მოაწერა. თუმცა ამას წინ უძღოდა სომხეთში არსებული ეკონომიკური კრიზისი, ომის შემდეგ კი საზოგადოებაში უკმაყოფილებამ ერთად იფეთქა. 5000-მდე გარდაცვლილი, 10 000-მდე დაჭრილი, ყველას სჭირდებოდა სოციალური დახმარება, რა დროსაც ოპოზიციურმა პარტიებმა თავისი ძალების დემონსტრირება შეძლეს.
პოლიტიკური დაძაბულობა ხელისუფლებასა და სომხეთის არმიას შორის უთანხმოებამ კიდევ უფრო გაამძაფრა. ამით რა თქმა უნდა ოპოზიციამ ისარგებლა. არ არის გამორიცხული პროცესები სომხეთში რევოლუციური სცენარით წარიმართოს, თუმცა შესაძლოა მოქმედმა ხელისუფლებამ ძალაუფლება მშვიდობიანი გზითაც დათმოს," - განაცხადა ექსპერტმა ჯონი მელიქიანმა.
აქციის მონაწილეები სომხეთის პრემიერს ყარაბაღის ომში დამარცხებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ პროტესტი მანამ გაგრძელდება, სანამ ფაშინიანი თანამდებობას არ დატოვებს.
"ფაშინიანი ვალდებულია თანამდებობა დატოვოს, რის შემდეგაც ჩვენ აღვადგენთ სომხეთის არმიას. ომი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ომი გრძელდება. პირველ ორ ომში ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ, თუმცა მესამედ დავმარცხდით. ახლა ჩვენ ვალდებულები ვართ მოვემზადოთ ახალი ომისთვის, თუმცა ამ მთავრობის ხელმძღვანელობით ეს წარმოუდგენელია," - აცხადებენ ადგილობრივები.
ავტორი: ლიკა ალელიშვილი