24 აპრილი 2024,   07:25
ვრცლად
"ქართულ ოცნებაში" პოლიტიკური დიალოგისთვის მზადყოფნას ადასტურებენ და ოპოზიციას ულტიმატუმის ენისგან თავის შეკავებას ურჩევენ

პოლიტიკური თანამშრომლობისთვის მზადყოფნას ადასტურებს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათ ოპოზიციისგან განსხვავებით დიალოგის მაგიდა არასდროს დაუტოვებიათ. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ განსაკუთრებით "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებში მოლაპარაკებების გამართვა საერთოდ არ შედის.

ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ოპოზიცია საკუთარი მოთხოვნების გარშემო უნდა ჩამოყალიბდეს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ თუ ოპოზიცია ხელისუფლებისგან ულტიმატუმზე პასუხს ელოდება ამაზე პასუხი მმართველ გუნდს არ ექნება. რაც შეეხება პლებისციტის საკითხს, მიხეილ სარჯველაძეს მიაჩნია, რომ ეს საკითხი, ჯერჯერობით, თავად ოპოზიციასაც არ აქვს სათანადოდ მომზადებული:

"როგორც ჩანს, ოპოზიცია ელოდება ხელისუფლებისგან ნაბიჯს ულტიმატუმთან დაკავშირებით, ულტიმატუმთან დაკავშირებით ხელისუფლებას პასუხი ვერ ექნება ვერც ერთ შემთხვევაში, ვინაიდან ეს საფუძველშივე გამორიცხავს მოლაპარაკების პროცესს, მოლაპარაკების პროცესი კი გულისხმობს იმას, რომ ჩართულობა იყოს შედეგზე ორიენტირებული და კეთილსინდისიერი იმ თვალსაზრისით, რომ შედეგზე ორიენტირებული იყოს ყველა მხარე. რაც შეეხება საკითხს პლებისციტთან დაკავშირებით, გულწრფელად რომ გითხრათ, ეს საკითხი მე მგონი, რომ ცოტა მოუმზადებელია თავად ოპოზიციის მხრიდან," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი აცხადებს, რომ ოპოზიცია ყოფილი პრეზიდენტის მითითებებით მოქმედებს, რომელმაც მათ რადიკალიზების გარდა სხვა მოქმედების გეგმა არ დაუტოვა:

"ყოფილი პრეზიდენტის განცხადება, რომ მან აუკრძალა კონკრეტულ ოპოზიციურ წარმომადგენლებს ამ რაღაც მოლაპარაკების პროცესში ჩართვა, რა თქმა უნდა, გულისხმობს იმას, რომ მათ სხვა გზა არ დარჩენიათ გარდა რადიკალიზებისა. გაუკეთონ პროცესს გარკვეული დისკრედიტაცია, იმისთვის, რომ რეალურად არჩევნების გზით ვერმოსული გუნდი რაღაც სხვა ხერხებით მოვიდეს ხელისუფლებაში," - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

დღის ამბები