20 აპრილი 2024,   01:26
ვრცლად
მელიას დაკავების ოპერაცია, კიბერუსაფრთხოება, ძალადობა ოჯახში - რა კითხვები ექნება მმართველ გუნდს შს მინისტრთან 

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ პარლამენტში "მინისტრის ფორმატში" მისულ შინაგან საქმეთა მინისტრს არაერთ მწვავე კითხვას დაუსვამენ. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ კითხვები ექნებათ კიბერუსაფრთხოების, დანაშაულის სტატისტიკის, ოჯახური ძალადობის და სხვა აქტუალურ თემებზე. 

"არის ბევრი აქტუალური საკითხი, რომელიც უკავშირდება როგორც კოვიდპანდემიას, ასევე სხვა საკითხებს - დანაშაულის სტატისტიკას, კიბერუსაფრთხოებას, სქესობრივ დანაშაულთან დაკავშირებულ საკითხებს, ოჯახში ჩადენილ ძალადობასა თუ დანაშაულს, შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით იქნება არაერთი კითხვა დასმული,"-აცხადებს ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუას მინისტრთან კითხვები "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციაზეც ექნება. 

"მეც მექნება კითხვები, მათ შორის, კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მათ შორის შექმნილი ვითარება საქართველოში. ასევე, ალბათ, ყველას გაინტერესებთ მელიას ოპერაციასთან დაკავშირებით, რა მოხდა, რამ გამოიწვია, სხვა მექანიზმი ჰქონდათ თუ არა, რამდენად საჭირო იყო და ა.შ.

ფორმალური ხასიათი ჰქონდა რეჟიმის დროს, როდესაც ორი გვამის ავტორის მოსმენა ხდებოდა პარლამენტში და ფორმალური კითხვები იყო, ეს მაშინ იყო. როდესაც მოდის ჩვენთან მათ შორის ჩვენი გუნდის წევრი მინისტრები, ყველა ხედავთ, რა მწვავე კითხვები ისმება,"- აცხადებს ირაკლი ზარქუა. 

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური "მინისტრის საათის" ფორმატში დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარდგება. მოხსენების შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები