20 აპრილი 2024,   00:09
ვრცლად
"დამაბრალეს, რომ სუეცის არხში გემი მე ჩავხერგე" - პირველი ეგვიპტელი ქალი კაპიტანი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა

ეგვიპტის პირველი გემის კაპიტანი ქალი ამბობს, რომ სუეცის არხის ბლოკირება მას დააბრალეს, იმის მიუხედავად, რომ იმ პერიოდში სულ სხვა გემზე, ასობით მილის მოშორებით იმყოფებოდა. 

მარვა ელსელეჰდარი გემზე "აიდა მეოთხე", ქალაქ ალექსანდრიასთან ახლოს იყო, როდესაც არხი გიგანტურმა გემმა Ever Given ჩახერგა. ინტერნეტით გავრცელდა ფოტოშოპით გაყალბებული ფოტოები, რომლებიც, მარვას ვარაუდით, მის რეპუტაციაზე ნეგატიურად აისახება. 

29 წლის ქალმა არ იცის, პირველმა ვინ ააგორა ყალბი ამბავი, თუმცა დარწმუნებულია, რომ მასზე ეჭვი სქესის გამო მიიტანეს : 

"შოკში ვიყავი, ვფიქრობდი, რომ ჩემზე იერიში, იმიტომ მოიტანეს, რომ წარმატებული ქალი ვარ ამ სფეროში, ან იმიტომ, რომ ეგვიპტელი ვარ," - ამბობს BBC-სთან მარვა

International Maritime Organisation-ის ინფორმაციით, მსოფლიო მასშტაბით ქალები მეზღვაურების მხოლოდ 2 პროცენტს შეადგენენ. მარვა აღნიშნავს, რომ სანაოსნო სასწავლებელში სექსიზმს არაერთხელ წააწყდა. 

"ჩვენი საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ მიუღებელია გოგოების მუშაობა ზღვაში, რადგან ისინი ოჯახისგან დიდი ხნით არიან მოწყვეტილები. მაგრამ, თუ გიყვარს რასაც აკეთებ, არ არის აუცილებელი, ყველას მოსწონდეს შენი გადაწყვეტილება" - ამბობს კაპიტანი. 

იმის მიუხედავად, რომ მარვას დააბრალეს სუეცის არხში შექმნილი საცობი და სოციალურ ქსელებში უამრავი უარყოფითი კომენტარი დაიწერა კაპიტანი ქალის შესახებ, ელსელეჰდარი ​ ამბობს, რომ გამოხმაურებების ნაწილი მისთვის გამამხნევებელი იყო. 

მარვა იმედოვნებს, რომ მისი საქმიანობა ბევრი ქალისთვის იქნება ინსპირაციის წყარო.

დღის ამბები