20 აპრილი 2024,   02:37
ვრცლად
რიგგარეშე არჩევნები და მელია-რურუას გათავისუფლება - ოპოზიცია მოლაპარაკების გაგრძელების აუცილებელ პირობებზე საუბრობს

მელია-რურუას გათავისუფლების გარეშე არანაირი მოლაპარაკება არ შედგება - ამბობენ ოპოზიციაში და რიგგარეშე არჩევნებთან ერთად ამ საკითხს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანისთვის მინიმალურ აუცილებლობად აფასებენ.

კომპრომისის მიღწევამდე კი მმართველის გუნდის ოპონენტები საპროტესტო გამოსვლებისთვის და 15 მაისის აქციისთვის ემზადებიან.

"თუ გამოჩნდება იმის პერსპექტივა, რომ რიგგარეშე არჩევნების საკითხი და პირველ რიგში, იმის რეალური სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ ნიკა მელია გაათავისუფლონ და შემდეგ რა თქმა უნდა, ამას უნდა მოჰყვეს გიორგი რურუას გათავისუფლება. თუ ეს ორი საკითხი იქნება მოლაპარაკების მაგიდაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებას" გონება გაუნათდა და კომპრომისზე მოდიან. წინააღმდეგ შემთხვევაში არავითარ მოლაპარაკებებს არ უნდა ველოდოთ,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის გიგა ბოკერიას თქმით, ვადამდელი არჩევნები და მელია-რურუას გათავისუფლება მინიმალური აუცილებლობაა, რომ ქვეყნა კრიზისიდან გამოვიდეს. 

"დემოკრატიული ოპოზიციის დიდი ნაწილი, ჩვენი პოლიტიკური გუნდი მოწადინებულია, რომ იყოს გონივრული კომპრომისი, იმიტომ, რომ ეს ქვეყანას სჭირდება. ოღონდ არა ნებისმიერ რამეზე შეთანხმება და თავის მოტყუება და უბრალოდ გადადება ვითარების კიდევ უფრო დამძიმების. ვადამდელი არჩევნები და პოლიტიკური დევნის შეჩერება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება არის მინიმალური აუცილებლობა, რომ შანსი იყოს ქვეყნის ამ კრიზისიდან გამოყვანის,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები