პოლიციის მობილიზაცია სალხინოს მამათა მონასტერში. აქ წირვის აღსასრულებლად იღუმენი გრიგოლ დარსალია ისევ არ შეუშვეს. სასულიერო პირი მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებით სტეფანწმინდიდან ჭყონდიდში მიავლინეს მისიით, რომ დასჯილი მღვდლების ნაცვლად მონასტერში მსახურება ჩაატაროს.
მას მონასტრის ეზოში, დასჯილი ჭყონდიდელი სასულიერო პირები დახვდნენ და უთხრეს, რომ სანამ მათი საკითხი საპატრიარქოში არ გაირკვევა, ლოცვა ისევ ძველმა წინამძღვარმა უნდა განაგრძოს.
თავის მხრივ, მამა გრიგოლ დარსალიამ მათ უთხრა, რომ მეუფე სტეფანეს მათ პოზიციას გადასცემს. სტეფანწმინდიდან ჩამოსულმა მოძღვარმა ტაძარი დატოვა. ამ წუთებში კი ლოცვას სალხინოში მეუფე სტეფანეს მიერ დასჯილი სასულიერო პირები აღავლენენ.
"ჩვენ ერთად აღკვეცილები ვართ, ერთად გაზრდილები ვართ და მოვედი მშვიდობისთვის, სტაბილურობისთვის. მე წავალ ეპისკოპოსთან და ვეტყვი, რომ წირვის უფლება არ მომცეს და სხვა დანარჩენს თვითონ ეპისკოპოსი გადაწყვეტს, რაც უნდა გადაწყვიტოს. ჩვენ ერთად გაზრდილები ვართ, ერთად აღკვეცილები და სულ ერთად ვშრომობდით და ამისთვის ჩვენ ასე ჩავთვალეთ, რომ უფრო უკეთესი იქნებოდა თავისიანი მოსულიყო და რამე გაღიზიანება არ ყოფილიყო და სხვა რაიმე განზრახვა ჩვენ არ გვქონია საერთოდ,“ - ამბობს იღუმენი გრიგოლ დარსალია.