18 აპრილი 2024,   05:28
ვრცლად
ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

ოპოზიციის შეფასებით, პოლიტიკური კრიზისის და მორიგი ჩაშლილი მედიაციის ფონზე ნიკა მელიას ციხეში დატოვებით "ქართულმა ოცნებამ" დიალოგის პროცესი კიდევ უფრო ჩიხში შეიყვანა. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ვიდრე მელია ციხეში რჩება, არავითარ შეთანხმებაზე საუბარი არ იქნება. სასამართლო პროცესის შემდეგ სამომავლო გეგმების განსახილველად ოპოზიციის ნაწილი დღის ბოლოს "ლელოს" ოფისში შეიკრიბა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა ნაყოფია ამბობს, რომ ნიკა მელიასთან დაკავშირებით მოსამართლე პროცესზე უკვე გამზადებული გადაწყვეტილებით მივიდა. მისი თქმით, ისინი არ აპირებენ რაიმე მოლაპარაკებაში შესვლას "ქართულ ოცნებასთან" მანამდე, ვიდრე პოლიტპატიმრები გათავისუფლებული არ იქნებიან.

15 მაისის აქციაზე აკეთებს აქცენტს გიგი უგულავა. მისი თქმით, მოლაპარაკებების პარალელურად ამ აქციით ოპოზიციამ ხელისუფლებას უნდა აჩვენოს, რომ პრობლემები, რაც საზოგადოებას აქვს, არსად გამქრალა და უფრო და უფრო იმუხტება.

"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ევროკავშირის მხრიდან ასეთი მაღალი ჩართულობის ფონზე მოლაპარაკებას ყოველთვის აქვს აზრი, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დაავიწროვებს ამ შესაძლებლობას "ქართული ოცნება".

"გირჩი-მეტი თავისუფლებას" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ამოცანა არის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ძალაუფლება დათმოს, ამისთვის კი აუცილებელია ოპოზიციის მხრიდან ძალა დაინახოს.

დღის ამბები