19 აპრილი 2024,   19:40
ვრცლად
დიალოგის პერსპექტივა - უმრავლესობა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ახლო მომავალში სიახლეებს ელოდება

უმრავლესობა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ახლო მომავალში სიახლეებს ელოდება. მმართველ გუნდში თვლიან, რომ ოპოზიციის ნაწილს რადიკალური ფრთისგან გათავისუფლების მცდელობა აქვს და იმედოვნებენ, რომ ისინი გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ და პარლამენტში შევლენ.

"ვხედავთ იმ მოლაპარაკებების პროცესში გარკვეულ ძალებს ოპოზიციაში, რომლებიც ცდილობენ, რომ რადიკალურ ოპოზიციას დაეხსნან და უფრო კონსტრუქციულად მიუდგნენ. ჩვენ გამოვთქვამთ იმედს, რომ ისინი კიდევ ერთხელ აწონიან იმ ღირებულებას, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებთან, შესაბამისად, ჩაერთვებიან იმ კონსტიტუციურ ჩარჩოებში, რომელიც მისცემთ მას საშუალებას, რომ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკაში,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ იკვეთება საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც რიგ ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახდება.

"ჩვენს ფასილიტატორ ელჩებთან მიმდინარეობს კონსულტაციები როგორც ქართული ოცნების მიერ, ასევე ოპოზიციური პარტიების მხრიდან. შესაბამისად, იკვეთება საკითხების ნუსხა, რომლის ფარგლებშიც სულ მცირე რიგ ოპოზიციურ პარტიებთან შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა, ამიტომ ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ახლო მომავალში გარკვეული ნაბიჯები რიგი ოპოზიციური პარტიების მხრიდან გადადგმული იქნება,“ - ამბობს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ამილახვარი.

 

დღის ამბები