19 აპრილი 2024,   02:13
ვრცლად
შეშფოთებულები ვართ სამხედრო კონტიგენტის მასიური ზრდით, რუსეთმა პროვოკაციები უნდა შეწყვიტოს - იენს სტოლტენბერგი 

ოკუპანტი ქვეყნის კასპიის ფლოტილიის 15-მა სამხედრო გემმა კურსი შავი ზღვისკენ აიღო. მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ძალების უპრეცენდენტო მობილიზაციას იწყებს. საბრძოლო გემები შავ ზღვაში შედიან.

ოფიციალური მოსკოვი ირწმუნება, რომ მიზანი წვრთნებია. უკრაინის თავდაცვის უწყება კი დარწმუნებულია, რომ კრემლი იმეორებს 2008 წლის სცენარს. ალიანსის გენერალური მდივანი რუსეთს დესტაბილიზაციაში ადანაშაულებს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ეს რუსეთის შიდა პოლიტიკაა. მისივე თქმით, შავი ზღვისა და ბალტიის რეგიონებში მოკავშირეების 40 000  სამხედროა და 15 000-მდე ერთეული ტექნიკაა მობილიზებული.

თეთრი სახლის პრესსამსახური უკრაინის საზღვართან განვითარებულ მოვლენებზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს, ვაშინგტონი ოფიციალურ პოზიციას დააფიქსირებს მას მერე, რაც აშშ-ის თავდაცვის მდივანი და სახელმწიფო მდივანი რუსეთთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ბრიუსელში დაასრულებენ.

NATO-ს გენმდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს სამხედრო კონტიგენტის ზრდა.

"ჩვენ განვიხილავთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უკრაინასთან მიმართებით. შეშფოთებულები ვართ სამხედრო კონტიგენტის მასიური ზრდით. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს სამხედრო კონტიგენტის ზრდა, უნდა შეწყვიტოს პროვოკაციები და მოახდინოს სიტუაციის დეესკალაცია," - NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, მას შთაბეჭდილება რჩება, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა რეაქციები გამოიწვიოს.

"შთაბეჭდილება მრჩება, რომ რუსული მხარე ყველაფერს აკეთებს, რათა რეაქციები გამოიწვიოს. უკრაინასთან ერთად ამ თამაშში ჩვენი ჩათრევის საშუალებას არ მივცემთ," - გერმანიის თავდაცვის მინისტრი ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უკრაინას გააზრებული აქვს, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა 2008 წელს საქართველოში განხორციელებული სცენარის გამეორებას გეგმავდეს.

"გააზრებული გვაქვს, რომ რუსეთი უკრაინაში 2008 წელს საქართველოში განხორციელებული სცენარის გამეორებას შეიძლება გეგმავდეს. მათ შეუძლიათ პროვოკაციები გამოიყენონ, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალები მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში დაადანაშაულონ იმის გათვალისწინებით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთმა 400 000  ადამიანს რუსული პასპორტები დაურიგა," - უკრაინის თავდაცვის მინისტრი ანდრეი ტარანი.

როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, მღელვარება, რომელიც აშშ-დან მოდის ტერიტორიაზე ჯარის გადაადგილებასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა.

"მღელვარება, რომელიც შეერთებული შტატებიდან მოდის, ჩვენს ტერიტორიაზე ჯარების გადაადგილებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა. დონბასში დეესკალაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები პროვოკაციულ ქმედებებზე უარს იტყვის," - რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი.

დღე-ღამის განმავლობაში, დონბასში ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, სამი კი დაშავდა. რუსულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი რამდენჯერმე დაარღვია.

დღის ამბები