19 აპრილი 2024,   07:46
ვრცლად
მორალურ ზღვარს გადაცილებული განცხადება, პოლიტპატიმრებით ვაჭრობა - ოპოზიცია პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება

პრეზიდენტი მზად არის, გიორგი რურუა შეიწყალოს, თუმცა ამისთვის სალომე ზურაბიშვილი კონკრეტულ პირობას აყენებს.

ოპოზიციამ ხელი უნდა მოაწეროს შეთანხმებას და შევიდეს პარლამენტში; მედიატორებმა უნდა თქვან, რომ შეთანხმება შედგა - პრეზიდენტის პირობას ოპოზიციის ნაწილი მიესალმება, ნაწილი კი პოლიტიკურ ვაჭრობად აფასებს.

ოპოზიციონერი ლიდერები პრეზიდენტის განცხადებას ადამიანებით ვაჭრობას უწოდებენ, რაც მათი შეფასებით ყოველგვარ მორალურ ზღვარს გადაცილებულია. 

"განცხადება არის უკვე ყოველგვარ იმ მორალურ ზღვარს გადაცილებული, რომელსაც ჩვენ აქამდე შეჩვეული ვართ, რაც ნიშნავს ტყეებით და ადამიანებით ვაჭრობას, როგორ შეიძლება საერთოდ, რომ თავისუფლება ადამიანის სავაჭრო საგნად აქციო," - ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე.

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პოლიტპატიმრებით ვაჭრობის შემოთავაზებას უწოდებს.

"პირდაპირ ვაჭრობის შემოთავაზება პოლიტიკური პატიმრებით. მე რაც მინდა პოლიტიკურად თუ ვერ მივიღე, ამ ადამიანს ციხეში დავტოვებ. ეს არის სწორედ პრობლემა, რისი გადაწყვეტაც არის ქართული საზოგადოებისთვის აუცილებელი პირობა, რომ ქვეყანა წინ წავიდეს," – ამბობს გიგა ბოკერია.

ოპოზიციონერი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, ადამიანი, რომელიც მსგავს განცხადებას აკეთებს, "ფურთხის ღირსია".

"ეს არის სრულიად ძარღვისგანნამუსისგან დაცლილი ყველაზე უფრო მდაბიო ვაჭრული განცხადება. ფურთხის ღირსია ადამიანი, რომელიც ასეთ განცხადებას აკეთებს," - აცხადებს გიგი უგულავა.

"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ თუ ადამიანი შესაწყალებელია და პოლიტპატიმარია ნამდვილად, პრეზიდენტს შეწყალების აქტზე აქამდეც უნდა მოეწერა ხელი.

"ეს არის ვაჭრობა ივანიშვილის კაზინოში, რომლის ერთ-ერთი თანამშრომელია ეს ქალბატონი, რომელსაც პრეზიდენტი ჰქვია. რას ჰქვია ერთ კვირაში მოაწერს ხელს, თუ შესაწყალებელია და პოლიტპატიმარია და ეს ნამდვილად ასეა, აქამდეც უნდა მოეწერა ხელი," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

პრეზიდენტის პირობას ოპოზიციის ნაწილი მიესალმება. "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის თქმით, ახლა სწორედ ის დროა, როცა ყველამ უნდა გადადგას ნაბიჯი, რომ რაღაც თანხმობისკენ მივიდნენ და საზოგადოებას და დასავლელ პარტნიორებს ახალი პოლიტიკური კულტურა დაანახონ. ის იმედოვნებს, რომ შეთანხმება მალე გაფორმდება და გიორგი რურუას მალე გაათავისუფლებენ.

როგორც "ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ მის ხელთ არსებული ძალაუფლება ამ პროცესის ხელშეწყობისთვის უნდა იყოს გამოყენებული.

დღის ამბები