20 აპრილი 2024,   17:28
ვრცლად
"ჩონჩხად გადავიქეცი" - ალექსეი ნავალნი "ინსტაგრამზე" ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს

პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, შიმშილობის 21-ე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და მხარდამჭერებს თანადგომისთვის მადლობას უხდის.

ცნობისთვის, დღეს რუსეთის ქალაქებში ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციები იმართება, თუმცა ქალაქის ადმინისტრაციები გართულებული კოვიდვითარების საბაბით, აქციების ჩატარების ოფიციალურ ნებართვებს არ იძლევიან.

"ახლა რომ მხედავდეთ, გაგეცინებოდათ. კამერაში ჩონჩხი ყანყალით დადის. ხელში სასამართლოს მილივით დახვეული დადგენილება უჭირავს. ჩონჩხი ამ დადგენილებით სასოწარკვეთილი ხოცავს კედლებზე და ჭერზე დამსხდარ კოღოებს. ეს მოწუილე და მკბენარე არსებები ადამიანს ნებისმიერ შიმშილობაზე სწრაფად მოკლავენ.

ახლა ჩემით ნამდვილად შეიძლება იმ ბავშვების შეშინება, რომლებიც ჭამაზე უარს ამბობენ.

"-მაშენკა თუ არ შეჭამ ფაფას, ამ ბიძიას დაემსგავსები უზარმაზარი ყურებით, თავის ქალაზე გადაკრული ტყავით  და ჩაცვენილი თვალებით.

არა დედა, არა, მე ყველაფერ შევჭამ და დამატებასაც მოვითხოვ..."

მაგრამ ცხოვრება შესანიშნავ მომენტებსაც იძლევა, როდესაც კიდევაც გიხარია და კიდევაც იცინი.

ამ შაბათ-კვირას არ მოვიტყუები, ცუდად ვიყავი. სხვა ციხის საავადმყოფოში გადამიყვანეს. ეს ნიშნავს მრავალსაათიან ჩხრეკას. შემდეგ გადაყვანა მოყანყალე რკინის კოლოფით. შემდეგ ისევ ჩხრეკა. გაიხადე ფეხსაცმელი, დაჯექი, აჩვენე ტერფები, გააღე პირი...

ზიხარ კამერაში, მკაფიოდ ვერც ხვდები სად ხარ. დაკავებული ხარ პატიმრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმით: მარტოობასთან დაკავშირებულ აზრებს აძევებ საკუთარი თავიდან. თქვენ ხომ გახსოვთ მთავარი: ბოროტმოქმედებისა და ნაძირლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავი მარტოდ იგრძნოთ.

მაგრამ წუხელ ჩემთან ადვოკატი შემოვარდა ზუსტად 5 წუთით და მომიყვა თქვენი უზარმაზარი მხარდაჭერის შესახებ. რუსეთშიც და მთელ მსოფლიოშიც. ეს მომენტი ძალიან ძვირფასი იყო.

მე გამეცინა, როდესაც წავიკითხე მედიცინის განმანათლებელთა ციტატები, რომ კალიუმის ისეთი დონით, რომელიც ჩემს ანალიზებშია, ან რეანიმაციაში, ან კუბოში უნდა ვიყო. მაგრამ არა, მე ასე ადვილად ვერ მომიგვარებთ. "ნოვიჩოკის" შემდეგ არც კალიუმის არ მეშინია.

დიდი მადლობა თქვენ. ისეთებისთვის, როგორიც მე ვარ, რომელსაც არაფერი აქვს წყლის ჭიქის გარდა, იმედი და საკუთარი გადაწყვეტილებების რწმენა ძალიან ბევრს ნიშნავს. ციხეშიც და თავისუფლებაზეც. ამისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა, ეს ბევრი და რთული არაა. მაგრამ არ არსებობს უკეთესი იარაღი უსამართლობისა და უკანონობის წინააღმდეგ.

მხოლოდ ამით ვცოცხლობთ და გადავრჩებით, მიუხედავად კალიუმის მაღალი დონისა," - წერს ალექსეი ნავალნი.

ალექსეი ნავალნი 2020 წლის აგვისტოს თვეში რუსეთში "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს. ის კომატოზურ მდგომარეობაში სამკურნალოდ რუსეთიდან გერმანიაში იქნა გადაყვანილი, ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ კი რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა, სადაც აეროპორტშივე დააკავეს და 30 დღით პატიმრობა შეუფარდეს. 2 თებერვალს კი სასამართლომ რუს ოპოზიციონერს "ივ როშეს საქმეზე" პირობითი სასჯელი წესების დარღვევის გამო, რეალური პატიმრობით შეუცვალა - 2,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ნავალნი სასჯელს 11 მარტიდან ვლადიმირის ოლქის პოკროვის გამოსასწორებელ კოლონიაში იხდის. ალექსეი ნავალნიმ შიმშილობა გამოაცხადა იმის გამო, რომ მას დამოუკიდებელი ექიმის მხრიდან  სამედიცინო დახმარების გაწევაზე უარი უთხრეს. ოპოზიციონერი ზურგის არეში მწვავე ტკივილს უჩივის და დროდადრო კარგავს მგრძნობელობას ფეხში.

დღის ამბები