11 მაისი 2021,   00:02
ვრცლად
იღუმენ დანიელს, დიაკონ ანანიას და ბერდიაკონ პეტრეს განვკვეთავ თუ შაბათამდე არ მოინანიებენ - მიტროპოლიტ სტეფანეს საგანგებო განცხადება

ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ჭყონდიდელმა მღვდელმთავარმა საგანგებო განცხადება გაავრცელა. როგორც მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა "ერთსულოვნებასთან" ინტერვიუში განაცხადა, ის აპირებს ეკლესიიდან განკვეთოს ის 3 სასულიერო პირი, რომლებიც სალხინოს ტაძარში მომხდარ დაპირისპირებაში მთავარ როლს ასრულებდნენ, თუ ისინი ამ ქმედებას მის წინაშე საჯაროდ არ მოინანიებენ:

"დიაკონი ანანია ამბიონზე ავარდა და ამან გამოიწვია ხალხის გაღიზიანება, საბოლოო ჯამში, ჩოჩქოლში გადაიზარდა და ჩაიშალა ლოცვა. მერე თვითმარქვია წინამძღვარმა განაცხადა, რომ აღდგომამდე დაკეტილია მონასტერიო, მას არანაირი გადაწყვეტილების უფლება არ გააჩნია. მისი გადაწყვეტილებები არაფერს არ ნიშნავს.

რადგან საჭირო გახდა, რომ უფრო მტკიცე ზომები მივიღო, სხვა გზა არ დამრჩენია, დღეს ვაცხადებ და შაბათს უკვე აღვასრულებ: თუ იღუმენი დანიელი არ მოინანიებს ამ ამბოხს და ამ ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს, გადაწყვეტილებას ვღებულობ, რომ უნდა განვკვეთო ეს ადამიანი და დაიყვანება მონაზვნობამდე, თუ არ მოინანიებს. შაბათს ვიქნები თამაკონში, მოვიდეს და გამოაცხადოს საქვეყნოდ სინანული.

ასევე, დიაკონ ანანიას და ბერდიაკონ პეტრე ღუდუშაურს ასევე განვკვეთავ თუ არ მოინანიებენ. იქ იყო ერთი ბერმონაზონი, რომელსაც სამღვდელო ხარისხი არ გააჩნია და თუ ისიც არ შეწყვეტს, მივიღებ ზომებს," - განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ. ასევე, მან გაფრთხილება მისცა მირიან მესხაძესა და კონსტანტინე გაბისონიასაც.

ჭყონდიდის ეპარქიის მმართველმა იმ ცვლილებებზეც ისაუბრა, რომელიც ტაძრების და მონასტრების მმართველობაში განხორციელდება:

"ვაცხადებ, რომ მღვდელი გოჩა ლიპარტელიანი დანიშნულია სალხინოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვრად. მასვე ევალება მღვდელმოქმედება წაჩხუროს მონასტერსა და სოფელ სალხინოს მახლობლად მდებარე სხვა ტაძრებში. ასევე, ბერდიაკონი გიორგი კოპალიანი დანიშნულია სალხინოსა და წაჩხურუს მამათა მონასტრების კეთილმოწესედ და ასევე სალხინოსა და წაჩხურუს მამათა მონასტრების წინამძღვრობას ამ საგანგებო ვითარებაში ჩემს თავზე ვიღებ. ვაცხადებ, რომ ყველანაირი ძალმოსილება იმ ფარგლებში რაშიც ვმოქმედებ გამაჩნია და ტყუილად ნუ ლაპარაკობენ რომ მე რაღაცა უფლებები მეზღუდება,- განაცხადა მიტროპოლიტმა. მისი თქმით, ის ბზობის დღესასწაულს სალხინოში ჩაატარებს და მრევლს მთელი საქართველოდან მოუწოდა, რომ ბზობა მასთან ერთად სალხინოში აღნიშნონ.

შეგახსენებთ, ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირების დაწყება ეპარქიის მმართველის ცვლილებას უკავშირდება, ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა სინოდმა დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდის წევრების წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიაში დაადანაშაულა და ეპარქიის მმართველობა ჩამოართვა. პეტრე ცაავას მხარდამჭერები გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევენ და საპატრიარქოსგან ითხოვენ, რომ ან პეტრე ცაავას დანაშაული დაამტკიცონ, ანდა ის ეპარქიაში დააბრუნონ. ეპარქიის ახალ მმართველს სტეფანე კალაიჯიშვილს სასულიერო პირების ნაწილი არ ემორჩილება და მას უკანონო ქმედებებში ადანაშაულებს.

დღის ამბები