ვალენტინა გრიგორიევა, რომელიც მეგობარმა მამაკაცმა პირდაპირ ეთერში მოკლა, სავარაუდოდ, ორსულად იყო - ამის შესახებ რუსული მედია წერს.
Mash-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი კრასნოდარიდან იყო. 28 წლის ქალი ასევე ვლოგერთან, სტანისლავ რეშეტნიაკთან ერთად მოსკოვის შემოგარენში, ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა.
ჟურნალისტებთან საუბრისას გრიგორიევას მეგობარმა განაცხადა, რომ ვალენტინა დიდი ხანი იყო შეყვარებული ვლოგერზე, თუმცა რეშეტნიაკს ის არ უყვარდა. გრიგორიევა მისგან წასვლას და ბინის ცალკე დაქირავებას გეგმავდა, თუმცა ვერ მოასწრო.
გარდაცვლილი, სავარაუდოდ, ორსულად იყო, ამის შესახებ თავად ვალენტინამ განაცხადა ერთ-ერთი ლაივვიდეოს დროს და მაყურებლებს მომრგვალებული მუცელი უჩვენა.
"აბორტს გავიკეთებ, ეს 100%-ით გადაწყვეტილი მაქვს. ორსულად ვარ, თუმცა ამ ბავშვს არასოდეს გავაჩენ. სტასს ვეტყვი რატომაც, სხვას - არავის," - განაცხადა გრიგორიევამ გარდაცვალებამდე.
რამენსკის სასამართლომ მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა სტანისლავ რეშეტნიაკს, რომლის ვიდეოსტრიმის დროსაც გოგო დაიღუპა.
რეშეტნიაკი დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, რამაც სიკვდილი გამოიწვია. ამ მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სტანისლავ რეშეტნიაკის მეგობარი გოგო ვალენტინა გრიგორიევა ბლოგერის პირდაპირი ეთერის დროს, 2020 წლის 2 დეკემბერს დაიღუპა. რუსული გამოცემების ინფორმაციით, რეშეტნიაკი კამათის დროს გრიგორიევას ფიზიკურად გაუსწორდა, ურტყამდა მას თავში და სხეულზე, რის შემდეგაც ის სახლიდან შიშველი გააგდო. გოგო გარეთ, სადაც რამდენიმე გრადუსი ყინვა იყო, გარკვეული პერიოდი იმყოფებოდა. ამ ხნის განმავლობაში რეშეტნიაკს ვიდეოლაივი არ შეუწყვიტავს, პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას გავიდა ის გოგოს შესამოწმებლადაც და თავის მაყურებელს ინფორმაცია მიაწოდა, რომ ის გარეთ უგონო მდგომარეობაში იყო:
"მეგობრებო, მგონი ის მოკვდა," - მიმართა მან მაყურებელს, ის გოგოს გონზე მოყვანას ჯერ საკუთარი ძალებით შეეცადა, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი სასწრაფო გამოიძახა. ტრანსლაცია მხოლოდ მას შემდეგ შეწყვიტა, რაც სახლში პოლიცია მივიდა.