Sinopharm-ით ვაქცინაციის პროცესში დღეიდან დამატებით 44 კლინიკა ერთვება. ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო ცენტრების დამატების აუცილებლობა მოსახლეობის აქტიურობამ გამოიწვია.
მოქალაქეების დადებით განწყობაზე ის ფაქტიც მოქმედებს, რომ ამ დრომდე საქართველოში Sinopharm-ით ვაქცინაციის არცერთი გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა. სწორედ ამიტომ, ამ კონკრეტული მედიკამენტით ვაქცინაცია შესაძლებელი გახდა პოლიკლინიკურ დაწესებულებებშიც.
ჩინური პრეპარატით აცრა ნებადართულია 18 წელს ზემოთ ყველა იმ მოქალაქისთვის, ვინც რეგისტრაცია წინასწარ გაიარა.
დღეიდან ვაქცინაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წევრები ერთვებიან. რამდენიმე საათში აცრას ყოფილ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გეგმავს შინაგან საქმეთა მინისტრი თანამშრომლებთან ერთად.
Sinopharm-ით ვაქცინაცია თბილისსა და რეგიონებში გუშინ დაიწყო.
"კვირაში 4 დღე გვაქვს გამოყოფილი ვაქცინაციისთვის, გვაქვს იმუნიზაციის კაბინეტი, შეამოწმა რეგულირების სააგენტომ. აღჭურვილია სრულად, გვაქვს მოსაცდელი სივრცე, სადაც 15-20 ადამიანი ერთდროულად აცრის შემდეგ დაყოვნდება. მათთან მუდმივ რეჟიმში იმყოფება ექიმი, რომელიც აკონტროლებს მათ ჯანმრთელობას," - განაცხადა შპს "მედალფას" ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა დავით მდინარაძემ.