23 აპრილი 2024,   18:00
ვრცლად
კანადაში ბავშვების აცრას იწყებენ - მსოფლიოში ფატალური შემთხვევების რაოდენობა იზრდება

ურთულესი ვითარება ნარჩუნდება ინდოეთში, სადაც კოვიდინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს. ინფიცირების ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნა სასუნთქ აპარატებსა და ჟანგბადის ბალონებზე. ორმაგი მუტაციის მქონე ინდური შტამით გამოწვეული კრიზისის გამო სამედიცინო აღჭურვილობაზე მოთხოვნა ქვეყანაში 7-ჯერაა გაზრდილი. ჯანდაცვის ექსპერტები პანდემიის მომდევნო ტალღის სამზადისში არიან და არც სტატისტიკის გაორმაგებას გამორიცხავენ. პაციენტების მკურნალობის პროცესში უკვე სტუდენტებიც ჩაერთვნენ.

ფატალური შემთხვევების ზრდის ტენდენციაა შენარჩუნებული ბრაზილიაშიც. ქვეყანაში, სადაც პანდემიის შედეგად უკვე 400 ათასი ადამიანია დაღუპული, პასუხისმგებლობას პრეზიდენტს აკისრებენ. ჟაირ ბოლსონაროს წინაღმდეგ პანდემიის არაეფქტური მართვის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ბრაზილიის პრეზიდენტს იმპიჩმენტი ემუქრება.

მეოთხე ტალღისთვის ემზადება იაპონიაც. COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად ტოკიოს, ოსაკას, კიოტოს და ჰიოგოს პრეფექტურებში საგანგებო რეჟიმის გახანგრძლივებას გეგმავენ.

ინფექციის შემთხვევების ზრდასთან ერთად, სახელმწიფოები მოსახლეობის იმუნიზაციას განაგრძობენ. კანადამ "ფაიზერის" ვაქცინის 12-დან 15 წლამდე მოზარდებში გამოყენებას ავტორიზაცია მიანიჭა. ალბერტა პირველი პროვინცია იქნება, სადაც ვაქცინა 12-წელს გადაცილებულ პირებს გაუკეთდებათ.

16-17 წლის პირების ვაქცინაციას იწყებს საფრანგეთიც. აცრა მხოლოდ მათ ჩაუტარდებათ, ვინც დაინფიცირების შემთხვევაში დაავადების სერიოზული ფორმის განვითარების რისკის ქვეშ იმყოფება. 

ვაქცინირებული და კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულებისთვის პრივილეგიების მინიჭებას მხარი დაუჭირა გერმანიის ბუნდესტაგმაც. მათთვის კომენდანტის საათისა და სოციალური კონტაქტების შეზღუდვის მოხსნა იგეგმება.

დღის ამბები