19 აპრილი 2024,   18:10
ვრცლად
როგორია აშშ-ის ხელისუფლების დამოკიდებულება ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე - ოფიციალური პირების პოზიციებზე "ღამის კურიერში" დავით ნიკურაძე საუბრობს

როგორია ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების დამოკიდებულება ისრაელ-პალესტინას შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებასთან დაკავშირებით - "ღამის კურიერში" შტატების ოფიციოზის პოზიციებთან დაკავშირებით ვაშინგტონიდან "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი დავით ნიკურაძე საუბრობს.

"ისრაელს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი მაშინ, როდესაც შენი ტერიტორიისკენ ათასობით რაკეტა მოფრინავს" - ეს არის აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადება ისრაელი-პალესტინას დაპირისპირებაზე, რომლის გამოც ის გააკრიტიკეს.

როგორც "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი ვაშინგტონიდან დავით ნიკურაძე აღნიშნავს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. მან ერთის მხრივ უპირობოდ უნდა დაიცვას ამერიკის სტრატეგიული მოკავშირე ისრაელი და გარდა ამისა, მან უნდა გაუწიოს ანგარიში ასევე მისი პარტიის ზოგიერთ წევრს, რომელიც ბოლო პერიოდში ხმას იმაღლებს რეგიონში ადამიანის უფლებებზე.

ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ამის წარმომადგენელი ნიუ-იორკიდან ოკასიო-კორტესი, რომელიც კონგრესის ქვედა პალატაში სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა გააცნობიეროს, თუ როგორ ირღვევა პალესტინელების უფლებები.

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვებას შეერთებული შტატები ბუნებრივია მაშინვე გამოეხმაურა. ჯო ბაიდენმა გააკეთა განცხადება ოთხშაბათს. მან თქვა, რომ ისრაელს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი მაშინ, როდესაც შენი ტერიტორიისკენ ათასობით რაკეტა მოფრინავს, თუმცა პრეზიდენტი ბაიდენი მკაცრად გააკრიტიკეს. მისმა მოწინააღმდეგეებმა თქვეს, რომ უფრო მწვავე უნდა ყოფილიყო შეერთებული შტატების ადმინისტრაციის და თეთრი სახლის პოზიცია, უნდა გაკეთებულიყო უფრო მწვავე განცხადებები, პრინციპში, როგორც ხდებოდა ეს წინა ადმინისტრაციების დროს, როდესაც ამ რეგიონში ვითარება მწვავდებოდა.

ბაიდენს აკრიტიკებენ ასევე იმის გამოც, რომ მან აღადგინა ამერიკული ფინანსური დახმარება პალესტინისთვის, რომელიც არის 235 მილიონი და ეს დახმარება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში იყო შეჩერებული.

დღის ამბები