25 აპრილი 2024,   05:02
ვრცლად
ერთ-ერთ სოფელში 11 წლის წინ დაკარგული გოგო მეზობელთან აღმოაჩინეს - რას მალავდა ინდოელი წყვილი

ინდოეთის კერალას შტატში, ერთ-ერთ სოფელში 11 წლის წინ დაკარგული გოგო მეზობელთან აღმოაჩინეს. ამის შესახებ Indian Express-ი წერს.

2010 წლის თებერვალში იმ დროისთვის 18 წლის საჯიტა სახლიდან წავიდა და აღარ დაბრუნებულა. გოგონას თან არ წაუღია მობილური ტელეფონი, შესაბამისად  ახლობლების და პოლიციის მცდელობა, რომ მას რამენაირად დაკავშირებოდნენ უშედეგო აღმოჩნდა. ხანგრძლივმა ძებნამ შედეგი ვერ გამოიღო და საჯიტას ოჯახმა მისი პოვნის იმედი დაკარგა.

ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც 2021 წლის გაზაფხულზე მეზობლად მცხოვრები ახალგაზრდა კაცი ალინჩუვატი რაჰმანიც დაიკარგა.  8 ივნისს კი რაჰმანის ძმამ ის მეზობელ სოფელში გოგოსთან ერთად შეამჩნია, რომელიც წლების წინ დაკარგული საჯიტა აღმოჩნდა. მამაკაცმა ამის შესახებ ოჯახს და პოლიციას აცნობა.

გაირკვა, რომ 2010 წელს საჯიტა რაჰმანთან გადავიდა საცხოვრებლად, რომლის სახლიც მისი მშობლების სახლიდან 500 მეტრში იყო და 11 წლის განმავლობაში ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახისგან მალულად ჩაკეტილ ოთახში ცხოვრობდა, სადაც რაჰმანი არავის არ უშვებდა.

ძმის თქმით, რაჰმანი ძალიან ფეთქებადი ხასიათისაა, ამიტომ მშობლები არ ჩაძიებიან შვილს, რატომ ჰქონდა ოთახი მუდმივად ჩაკეტილი. თუმცა 3 თვის წინ ოჯახსა და რაჰმანს შორის დიდი ჩხუბი მოხდა და მან გადაწყვიტა, რომ საჯიტასთან ერთად მეზობელ სოფელში მალულად გადასულიყო საცხოვრებლად, სადაც იპოვეს კიდეც.

პოლიციის ოფიცრის თქმით, საჯიტას და რაჰმანს ერთად ყოფნა სხვადასხვა რელიგიური მრწამსის გამო არ შეეძლოთ, ამიტომ ისინი იძულებულები იყვნენ ურთიერთობა დაემალათ.

პოლიციამ შეყვარებულები ადგილობრივ სასამართლოში გაგზავნა, სადაც მათ ერთად ცხოვრებაზე ოფიციალური ნებართვა მიიღეს.

დღის ამბები