20 აპრილი 2024,   07:23
ვრცლად
ოკეანის ფსკერზე ნაპოვნი ბავშვის დას ამ დრომდე ვერ მიაგნეს - ესპანეთში სასტიკ მკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა

ტენერიფეს კუნძულთან ერთი წლის გოგონას გვამს კვლავ ეძებენ - BBC-ს ინფორმაციით, მამის მიერ მოკლული ბავშვის ცხედარს მაშველებმა, ჯერჯერობით, ვერ მიაკვლიეს. 

გამოძიების ინფორმაციით, ანა გიმენო ციმერმანი და მისი 6 წლის და, ოლივია მამამ, ტომასმა მოკლა, რათა მათი დედისთვის "წარმოუდგენლად დიდი ტკივილი მიეყენებინა". 

ოლივიას ცხედარი ზღვაში ოთხშაბათს იპოვეს - ის ჩანთაში იყო მოთავსებული, რომელიც ღუზას გამოაბეს. 

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის ინფორმაციით, მომხდარი მთელი ქვეყნისთვის შოკისმომგვრელია.

ანა და ოლივია 27 აპრილს გაუჩინარდნენ, მას შემდეგ, რაც ისინი მამამ წაიყვანა. ამ დრომდე ვერ მიაგნეს ვერც ტომას გიმენოს, რომელიც, სამართალდამცველების ვარაუდით, ასევე გარდაცვლილია. 

შაბათს გამოძიების 9-გვერდიანი ანგარიში გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით, 37 წლის გიმენო შვილების სიკვდილშია ეჭვმიტანილი. 

ტომას გიმენო და გოგოების დედა, ბეატრიზ ციმერმანი მოზარდობის ასაკიდან ხვდებოდნენ ერთმანეთს და გასულ წელს, პანდემიის დაწყების შემდეგ დაშორდნენ. ორივე მათგანს უკვე ჰყავდა ახალი პარტნიორი, თუმცა გიმენო ქალს ხშირად უგზავნიდა შეურაცხმყოფელ და მუქარის გზავნილებს. 

გამოძიების მასალების მიხედვით, კაცმა შვილების მკვლელობა წინასწარ დაგეგმა, ახალ მეგობარ ქალს 6 ათას ევროზე მეტი და გამოსამშვიდობებელი წერილი დაუტოვა. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ გიმენომ შვილები საკუთარ სახლში მოკლა, 27 აპრილს, შემდეგ კი ცხედრები პორტში წაიღო, ნავით წყალში შეცურა და გარდაცვლილი ბავშვები ჩანთებით ოკეანეში ჩაუშვა. სამართალდამცველების ვარაუდით, მამა ფიქრობდა, რომ შვილების ცხედრებს ვერასოდეს მიაგნებდნენ. 

გიმენოს ცარიელ ნავს ზღვაში მეორე დღეს მიაგნეს. ოლივიას ცხედარი კი გაუჩინარებიდან 44-ე დღეს იპოვეს, 1000 მეტრის სიღრმეში. იქვე იყო მეორე ჩანთაც, თუმცა - ცარიელი. 

კვირას ბავშვების დედამ ღია წერილი გაავრცელა. ბეატრიზ ციმერმანის თქმით, ეს იყო ყველაზე საზარელი რამ, რისი ჩადენაც ადამიანს შეეძლო - საკუთარი უდანაშაულო შვილების მკვლელობა. 

"სული მტკივა, რომ მათი გადარჩენა ვერ შევძელი... ვისურვებდი, რომ იმ მომენტში მეც მათთან ერთად ვყოფილიყავი და ერთად მოვმკვდარიყავით.... მაგრამ ეს არ მოხდა, რადგან ტომასს სურდა, მთელი დარჩენილი ცხოვრება მათ ძებნასა და ტანჯვაში გამეტარებინა..." - წერს გოგონების დედა. 

დების მკვლელობამ ესპანეთი შეაძრწუნა. უამრავ ქალაქში საპროტესტო აქციებია, ისინი გენდერული ნიშნით ძალადობას აპროტესტებენ. 

პარასკევს აქცია მოეწყო ტენერიფეზეც - დაახლოებით 1000 ადამიანი, რომელთა უმეტესობა ქალი და ბავშვი იყო, ქუჩაში გამოვიდა. ერთ-ერთ პატარა ბავშვს ხელში ეჭირა ბანერი, წარწერით "შეწყვიტეთ ჩვენი დახოცვა".

2013 წლიდან დღემდე ესპანეთში მამებმა, ან - დედის პარტნიორებმა 39 ბავშვი მოკლეს. 

მხოლოდ მიმდინარე წელს ქვეყანაში გენდერული ნიშნით 19 ქალი მოკლეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები