26 ივლისი 2021,   04:18
ვრცლად
ტერარიუმიდან გაქცეული ნიანგი საბავშვო ბაღში იპოვეს - ყირიმში წყალდიდობის შედეგებს ებრძვიან

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში წყალდიდობის შედეგებს ებრძვიან. წყლის ქვეშ მოექცა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, დაიტბორა მიწისქვეშა გადასასვლელები, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა. ადგილობრივ მთავრობას მოსახლეობა დროებით თავშესაფარში გადაჰყავს. ანომალიურ წვიმას მოჰყვა მსხვერპლიც, დაიღუპა ერთი მოქალაქე, ერთს კი ამ დრომდე ეძებენ.

ძლიერმა წვიმამ, განსაკუთრებით, ქალაქი იალტა დააზარალა. ქალაქის ტერარიუმიდან გაიქცნენ ნიანგები, გველები და წყლის სხვა ბინადრები. დაწესებულების თანამშრომლებს შხამიანი და საშიში ცხოველების ძიება დაბინძურებულ წყალში უწევთ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ტერარიუმიდან გაქცეული ერთ ერთი ნიანგი საბავშვო ბაღის სამზარეულოში აღმოაჩინეს.

მძიმეა ვითარება ქერჩშიც, ადგილობრივებს გადაადგილება მხოლოდ ნავებით შეუძლიათ, სახმელეთო ინფრასტრუქტურა წყალმა სრულად დაფარა.

ბოლო ინფორმაციით, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე წვიმა შეწყდა, ახლა მოსახლეობა ზარალს ითვლის. სინოპტიკოსები კი ამინდის გაუმჯობესებას მიმდინარე კვირის ბოლომდე არ პროგნოზირებენ.

ავტორი : შმაგი ლიპარტელიანი

დღის ამბები