24 აპრილი 2024,   09:27
ვრცლად
იყო გარკვეული ტიპის ხარვეზები, პროცედურული შეცდომები - თამარ ჟვანია

2020 წლის არჩევნების საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარესთან კითხვა-პასუხის რეჟიმი რამდენიმე საათს გაგრძელდა. თამარ ჟვანიას მიმართ ძირითადი აქცენტი საუბნო კომისიის არჩევასა და კომპეტენციაზე გაკეთდა. ასევე საკითხი თავმჯდომარის თანამდებობის საკითხსაც შეეხო.

"იყო გარკვეული ტიპის ხარვეზები, შეცდომები დაშვებული პროცედურული, თუმცა აქ არაფერი არ იყო ახალი, განსხვავებული, რომელიც წინა არჩევნებზე არ ყოფილა. იყო ის მიზეზები, რომელიც უკავშირდება ზოგადად პოლიტიკურ გარემოს, ძალიან რთულ და კომპლექსურ ვითარებაში მუშაობას, ამავე დროულად სუბიექტების უპრეცედენტოდ მაღალ რაოდენობას და რაც მთავარია პანდემიას. გარკვეულად ხარვეზიანი არჩევნები, მათი მასშტაბები გარკვეული პროცენტით იქნა უფრო მეტი, ვიდრე წინა არჩევნებზე, თუმცა ეს არ იყო გაყალბებული არჩევნები," - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ.

საგამოძიებო კომისიის წევრების განმარტებით, ძირითადი პრობლემური საკითხი, რაც გამოიკვეთა აღნიშნული შეხვედრების შემდეგ, არის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების კომპეტენციის შედარებით დაბალი დონე.

რა კრიტერიუმებით უნდა მოხდეს საუბნო საარჩევნო და საოლქო კომისიებში წევრების არჩევა და როგორ უნდა მოვემზადოთ უკეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ეს იყო ძირითადი მიმართულება იმ საუბრისა, რომელიც გაიმართა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

ცესკოს თავმჯდომარემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ალუდა ღუდუშაურის კითხვას უპასუხა. რაც შეეხება ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მოთხოვნას ცესკოს თავმჯდომარის გადადგომასთან დაკავშირებით, თამარ ჟვანია მიიჩნევს, რომ გადადგომა-არ გადადგომის საკითხი საარჩევნო ადმინისტრაციის გადასაწყვეტია.

"გადადგომის და წასვლა-დარჩენის საკითხი უნდა იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის გადასაწყვეტი და ვერც ერთ პოლიტიკურ ძალას, ვინც არ უნდა იყოს ის, არ უნდა ჰქონდეს საშუალება და არ უნდა შეიქმნას პრეცედენტი, რომ მისი პოლიტიკური სურვილის გამო ადმინისტრატორები იცვლებოდნენ.

შეურაცხყოფის პირობებში მე ვიყავი ძლიერი, ძლიერი ვიყავი იმიტომ, რომ ჩემს და ჩვენს უკან, საარჩევნო ადმინისტრაციის უკან იდგა სიმართლე," - უპასუხა თამარ ჟვანიამ.

დღის ამბები