23 აპრილი 2024,   15:21
ვრცლად
ქართულმა დელეგაციამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაზე ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობაზე ისაუბრა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაზე ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის შესახებ იყო საუბარი. რუსეთის მიერ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე აქცენტი ქართული დელეგაციის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა გააკეთა.

სხდომაზე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს მოუსმინეს, რის შემდეგაც ქართველმა დეპუტატმა დასვა შეკითხვა იმ შესაძლო გზების შესახებ, რითაც ევროსაბჭო შეძლებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანთა ფუნდამენტური უფლებების დაცვას.

"ჩვენ ჯეროვნად ვაფასებთ თქვენს მტკიცე გადაწყვეტილებას, საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგში შეიტანოთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა უფლებების დაცვის საკითხი.
სამწუხაროდ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ევროსაბჭოს საერთო პრინციპები და მიზნები არ ვრცელდება.

რუსეთი აგრძელებს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, მათ შორის, მკვლელობებს და უკანონო დაკავებებს, როგორიცაა ზაზა გახელაძის საგანგაშო საქმე, ის გაიტაცეს და 12-წლიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯეს.

ჩემი კითხვა ეხება ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების არსებობას. რა არის ის გზა, რომლის საშუალებითაც ევროსაბჭოს შეუძლია, უზრუნველყოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ადამიანთა ფუნდამენტური სამოქალაქო და ადამიანის უფლებების დაცვა,"-განაცხადა თამარ ტალიაშვილმა. 

დღის ამბები