კანადის პროვინცია სასკაჩევანის ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ყოფილი სკოლა-ინტერნატის ადგილას 751 უსახელო საფლავი აღმოაჩინეს.
ცოტა ხნის წინ ანალოგიური შემთხვევა მოხდა ბრიტანეთის კოლუმბიაში, სადაც ასევე ყოფილი სკოლის ადგილას 215 ბავშვის ნეშტს მიაკვლიეს.
სკოლას 1899-1997 წლებში რომის კათოლიკური ეკლესია ხელმძღვანელობდა. ეს იყო ერთ-ერთი იმ 130 აუცილებელი სკოლა-ინტერნატიდან, რომელიც კანადის ხელისუფლების მიერ ფინანსდებოდა და ადგილობრივი ხალხების ასიმილაციის მიზნით მე-19-20 საუკუნეებში ეკლესიის მიერ იმართებოდა.
სხვადასხვა კვლევისა და შეფასების მიხედვით, მსგავს სკოლებში 6 000 ბავშვი დაიღუპა, რაც ძირითადად ამ დაწესებულებებში მოსწავლეების ცუდი ჯანმრთელობით შეიძლება აიხსნას. ბავშვები იქ ხშირად ანტისანიტარულ პირობებში გათბობის გარეშე ცხოვრობდნენ.
მთავარი კი, ის იყო, რომ ისინი, ვინც ამ სკოლებიდან გაქცევას ვერ ახერხებდა, სკოლის ხელმძღვანელობისა და ადმინისტრაციის მხრიდან ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხდებოდა.
გასულ თვეში უსახელო და არამარკირებული საფლავების მოსაძიებლად მიწისზედა რადიოლოკატორის გამოყენება დაიწყეს და რამდენიმე დღის წინ ძიების პირველი შედეგების შესახებაც განაცხადეს.
როგორც ამბობენ, ბავშვების საფლავებზე თავდაპირველად შესაძლოა იდენტიფიკაციისთვის საჭირო ნიშნულები იყო კიდეც, თუმცა არ არის გამორიცხული, ისინი სკოლა-ინტერნატის მმართველ საეკლესიო ხელმძღვანელობას კვალის დასაფარად აეღო.
კანადის პრემიერის ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, სასკაჩევანში აღმოჩენილი ამ ისტორიითა და ბავშვების საფლავებით "საშინლად დასევდიანებულია". მისივე თქმით, "ეს ისტორია სისტემური რასიზმის, დისკრიმინაციის და უსამართლობის შემარცხვენელი მოგონებაა, რასთან შეჯახებაც ადგილობრივებს უწევთ".