24 აპრილი 2024,   15:08
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებებზე უმრავლესობა და ოპოზიცია თითქმის შეთანხმდა - ცვლილებები, სავარაუდოდ, ორშაბათს დაინიცირდება

"ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პირველი შეხვედრა მიმდინარეობს. სხდომას შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმომწერი პარტიები ესწრებიან. დოკუმენტი 3 მიმართულებით ითვალისწინებს ცვლილებებს - პროკურორის არჩევისა და ფრაქციის შექმნის წესის ცვლილებასა და საარჩევნო ბარიერის დაწევას.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მათი და მმართველი გუნდის პოზიციები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება, ამიტომ, დოკუმენტს ორშაბათ შეუფერხებლად მიიღებენ. 

"მნიშვნელოვანია დაბალი ბარიერი და სრულად პროპორციული სისტემა - აქამდე ეს არ გვქონია. დღეს ჩვენ ამ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ შევასრულებთ შარლ მიშელის დოკუმენტის ჩანაწერს. ძირითად საკითხებზე ვთანხმდებით, მცირე განსხვავებებია, რაშიც მე პრობლემას ვერ ვხედავ. უკვე ორშაბათს ეს ცვლილება დარეგისტრირდება,"-განაცხადა ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ

მმართველი გუნდის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული ცვლილებებით, საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი 2%-მდე დაიწევს, დეპუტატებს ფრაქციის შექმნა 4 წევრითაც შეეძლებათ (ნაცვლად შვიდისა) და მთავარი პროკურორის ასარჩევად კვალიფიციური უმრავლესობა (3/5) იქნება საჭირო.

თუმცა, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მთავარი პროკურორი კვალიფიციური უმრავლესობით ვერ აირჩიეს, 76 დეპუტატის მხარდაჭერაც საკმარისი იქნება. 

"თუ ვერ აირჩა კვალიფიციური უმრავლესობით პროკურორი, ამ შემთხვევაში, 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საკმარისი, ესეც მკაფიოდ წერია მიშელის დოკუმენტში და სიტყვა-სიტყვითაა გადმოტანილი. წარვუდგინეთ ოპოზიციას კანონპროექტის ჩვენი ვერსია, სადაც ყველაფერი არის ძალიან მარტივად და ლაკონურად ფორმულირებული. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ მარტივად, საერთო თანხმობით დაინიცირდება ორშაბათს ეს კანონპროექტი,"- აცხადებს კობახიძე. 

დღის ამბები