25 აპრილი 2024,   17:09
ვრცლად
გარდაცვლილების რეკორდული რაოდენობა და გადატვირთული საავადმყოფოები- რუსეთში კორონავირუსის შემთხვევები სულ უფრო იზრდება 

რუსეთში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა - "როიტერსის" ინფორმაციით, ინფიცირების მაჩვენებელი ინდური შტამის გავრცელების გამო გაიზარდა. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს რუსეთში 679 ადამიანი ემსხვერპლა - ეს პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ამასთან, გამოვლინდა 23218 ახალი შემთხვევა, საიდანაც 6893 ინფიცირებული მოსკოვშია. 

რუსეთის დედაქალაქში, სადაც ვირუსის შემთხვევები სულ უფრო იზრდება, სულ უფრო მეტი კოვიდკლინიკის საჭიროება დგას. 

​"ამ აფეთქების პარალელურად საავადმყოფოების არსებული რაოდენობა საკმარისი აღარ არის და კიდევ დავამატებთ კლინიკებს, რომ ვირუსს ვებრძოლოთ - ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვახერხოთ," - განაცხადა მოსკოვის მერის მოადგილემ ანასტასია რაკოვამ

მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ლოკდაუნის გამოცხადება არ გახდეს საჭირო. ამას გარდა, ცდილობენ, ვაქცინაცია ინტენსიური გახდეს. "როიტერსის" ინფორმაციით, ვაქცინების დეფიციტი რუსეთში არ არის, თუმცა აცრის მსურველთა რაოდენობა მცირეა. მოსკოვში, სადაც 12.5 მლნ მოსახლეა, ვაქცინის სულ მცირე პირველი დოზა 2.6-მა მილიონმა ადამიანმა გაიკეთა. 

დღის ამბები