20 აპრილი 2024,   03:56
ვრცლად
გერმანია, ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, შეერთებული შტატები, თურქეთი - რა ვითარებაა ქვეყნებში სადაც დამანგრეველ სტიქიებს ებრძვიან

გერმანია, ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, შეერთებული შტატები, თურქეთი - ქვეყნები წყალდიდობას ებრძვიან. სტიქიამ განსაკუთრებული ზიანი გერმანიასა და ბელგიას მიაყენა, სადაც ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილთა რიცხვი 150-ს აჭარბებს. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი კიდევ გაიზრდება, რადგან მაშველები ასობით დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ. ეკოლოგები მასშტაბურ სტიქიურ მოვლენებს კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ.

150-ზე მეტი გარდაცვლილი და ასობით დაკარგული. გერმანიასა და ბელგიაში ათასობით ადამიანი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა. სტიქიამ ყველაზე მეტად გერმანია დააზარალა, სადაც ასობით დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში 15 ათასამდე პოლიციელი, სამხედრო და სამაშველო ჯგუფია ჩართული. გერმანია და ბელგია ზარალს ამ დრომდე ითვლის.

ბელგიაში წყალდიდობის გამო 20 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. სტიქიამ ბოლო ინფორმაციით, 27-მდე ადამიანი იმსხვერპლა. წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ქალაქები სამეფო ოჯახის წევრებმა მოინახულეს.

ზარალს ითვლიან ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგშიც, სადაც რამდენიმე ქალაქში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა. სტიქიური ზონების დასახმარებლად ევროკავშირმა მზადყოფნა გამოთქვა.

6 გარდაცვლილი და რამდენიმე დაკარგული - თურქეთში რიზეს პროვინციაში, ძლიერმა წყალდიდობამ მეწყერი გამოიწვია. სტიქიამ დაანგრია სახლები, დააზიანა ავტომობილები და ინფრასტრუქტურა. წყალდიდობით გამო ასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

თურქეთის მსგავსად ძლიერი წყალდიდობაა შეერთებულ შტატებშიც. მუსონურმა წვიმებმა ყველაზე მეტად არიზონას შტატი დააზარალა. არიან დაღუპულებიც. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა რამდენიმე ქალაქში. არიზონას გუბერნატორმა სტიქიასთან საბრძოლველად 200 ათასი დოლარი გამოყო. ეკოლოგები მასშტაბურ სტიქიურ მოვლენებს კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ.

 

ავტორი: თიკო ცერცვაძე

დღის ამბები