24 აპრილი 2024,   00:01
ვრცლად
ძლიერი ხანძრები და წყალდიდობები მსოფლიოში - მეტეოროლოგები უახლოეს დღეებში ცუდ ამინდს პროგნოზირებენ

მსოფლიოში ძლიერი ხანძრისა და წყალდიდობის შედეგად დაიღუპა და ამ დრომდე დაკარგულად ითვლება ათობით ადამიანი. უხვი ნალექის გამო წყალდიდობებია ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. მეტეოროლოგები უახლოეს დღეებში ცუდი ამინდის შენარჩუნებას პროგნოზირებენ.

უკვე მეორე დღეა, იტალია წყალდიდობას ებრძვის. სტიქიის შედეგად, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები და ინფრასტრუქტურა. ჩამოწვა მეწყერიც. ამ დრომდე, სამაშველო სამსახურებმა 60-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ერთკვირიანი ძლიერი წვიმის შედეგად წყალდიდობაა გაერთიანებულ სამეფოში. სტიქიის შედეგად ლონდონსა და მის მიმდებარედ დაზიანდა შენობები და გზები, დაიტბორა მეტროს სადგურები. ქვეყანაში სტიქიას კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ. მთავრობამ უკვე გამოყო 5,2 მილიარდი ფუნტი, რომელიც მომდევნო 6 წლის განმავლობაში კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას მოხმარდება.

საგანგაშო მდგომარეობაა გამოცხადებული იაპონიაში. ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა რამდენიმე პრეფექტურა. მეტეოროლოგიური სადგურები მოსახლეობას მოსალოდნელი ღვარცოფის შესახებ აფრთხილებენ.

16 ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაკარგულად ითვლება ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად. ძლიერმა წვიმამ მდინარეების ადიდება გამოიწვია, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები. სამძებრო სამაშველო ოპერაციებში სპეციალური ბრიგადები და სამხედრო მოსამსახურეები არიან ჩართული.

წყალდიდობას ებრძვიან ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. ძლიერი წვიმის შედეგად იუტას შტატში ცენტრალური ქუჩები დაიტბორა. მეტეოროლოგიური სამსახურები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. სედარის მერმა კი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

წყალდიდობის გარდა აშშ-ში ხანძარსაც ებრძვიან. კალიფორნიაში ცეცხლი უკვე 2 კვირაა მძვინვარებს, რომელმაც 200 000 ჰექტარზე მეტი ფართობი მოიცვა. სტიქია ეროვნული ტყე-პარკის გარდა, დასახლებულ პუნქტებშიც გავრცელდა. დამწვარია ათეულობით შენობა-ნაგებობა, რის გამოც მოსახლეობის ევაკუაცია გარდაუვალი გახდა.

ტყის ხანძრებია თურქეთის სამხრეთ ნაწილშიც, სადაც სტიქიას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 53 კი დაშავდა. ანტალიის მახლობლად განადგურდა ათასობით ჰექტარი ტყის მასივი, დაიწვა საცხოვრებელი სახლები. ქვეყანაში ხანძარს მაღალ ტემპერატურას უკავშირებენ.

ხანძარს ებრძვიან საბერძნეთშიც. სტიქიის შედეგად პელოპონესის ნახევარკუნძულზე მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. შემთხვევის ადგილზე 180 მეხანძრე, 48 სახანძრო მანქანა და 2 ვერტმფრენია მობილიზებული.

ექსპერტები თანხმდებიან რომ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ბუნებრივი სტიქიები კლიმატის ცვლილებებმა გამოიწვია. სპეციალისტები მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებენ, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ არსებულ ვითარებას, რათა კლიმატის ცვლილებებს ადეკვატური პასუხი გაეცეს.

დღის ამბები