ივნისში ეკონომიკა 18.7%-ით გაიზარდა - ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებით, ეს არის 2021 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა, ხოლო 2021 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 12.7%-ია.
"ივნისის თვის ზრდა საკმაოდ მაღალი, 18.7% დაფიქსირდა. მართლაც უპრეცედენტოდ მაღალი ზრდაა ამ პერიოდისთვის. ეს ზრდა არის არამარტო 2020 წლის ივნისთან შედარებით, როდესაც შედარებით ცუდი ვითარება იყო ეკონომიკაში, არამედ 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, თითქმის 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა წელს. ანუ, აბსოლუტური ზრდა გვაქვს, მიუხედავად კოვიდისა,"-განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილის შეფასებით, 20201 წლის პირველი 6 თვის მონაცემი იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა ორნიშნა იქნება.
"მნიშვნელოვანია, რომ 2021 წლის 6 თვის მონაცემებით საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 12.7%-ით, რაც პრაქტიკულად, ამყარებს ჩვენს პოზიტიურ მოლოდინებს, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა იქნება ორნიშნა დონეზე,"-აღნიშნა ფინანსტა მინისტრმა.