20 აპრილი 2024,   19:58
ვრცლად
მსოფლიოში უკვე თვეზე მეტია ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი იზრდება - ქვეყნების ნაწილი ახალ რეგულაციებს აწესებს 

იაპონიაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 1 მილიონს გადააჭარბა. ქვეყანაში ინფიცირების უპრეცედენტო ზრდა ე.წ. დელტა ვარიანტის გავრცელებას უკავშირდება. COVID-19-ის საგანგაშო მაჩვენებლის ფონზე, ხელისუფლება ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას განიხილავს. რეგულაციები უკვე მოქმედებს 8 პრეფექტურაში.

ბოლო 6 თვის განმავლობაში, ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა შეერთებულ შტატებში. 24 საათში ქვეყანაში COVID-19-ის 130 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის პროგნოზით, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის სტატისტიკა მომდევნო კვირების განმავლობაშიც გაიზრდება. ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის ფონზე, ქვეყანაში ლოქდაუნის დაწესება არ იგეგმება, მაგრამ ხანდაზმული მოქალაქეებისა და რისკ ჯგუფებისთვის ე.წ. ბუსტერ დოზების შეთავაზებას აქტიურად განიხილავენ.

ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ მოსახლეობას ავსტრალიაშიც. ლოქდაუნია დაწესებული სამხრეთ უელსის შტატში, სადაც საზოგადოებას სახლში დარჩენას ურჩევენ. 

შეზღუდვების დაწესებას გეგმავს ესპანეთიც. ანდალუსიაში ღამის კლუბებში შესაძლოა, მხოლოდ კოვიდ სერტიფიკატის მქონე პირები დაუშვან. 

მსოფლიოში უკვე თვეზე მეტია ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი იზრდება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 4 მილიონს აღემატება. COVID-19 ის მაჩვენებელი მზარდია ახალგაზრდებშიც. აღნიშნულ ფაქტს ექსპერტები ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელს უკავშირებენ.

 

ავტორი: თინათინ ცერცვაძე 

 

 

დღის ამბები