19 აპრილი 2024,   06:37
ვრცლად
ლექტორები ქალ სტუდენტებს დაემშვიდობნენ - ავღანეთში ბურკების მაღაზიები დიდი დატვირთვით მუშაობს

ავღანელი ქალების უფლებები ბოლო წლების განმავლობაში  გაუმჯობესდა, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე მათი უფლებები კვლავ საფრთხის ქვეშ დადგა - თალიბანი უკვე ყველა დიდ ქალაქს, მათ შორის, დედაქალაქსაც აკონტროლებს. 

BBC ერთ-ერთ ავღანელ ქალს, ზებ ჰანიფას ესაუბრა, რომელიც PR კონსულტანტი და მწერალია. ჰანიფამ 2013 წელს დაასრულა ბაკალავრიატი, პირველმა სამსახურმა კი საშუალება მისცა, ოცნებების ასრულება დაეწყო. ქალი იხსენებს, თუ რამდენად საამაყო იყო მისთვის პირველი მოგზაურობა სხვა ქვეყანაში საკუთარი ფულით. ეს ემოციური იყო მისი დედისთვისაც, რომელსაც მშობლიური ქალაქი არასოდეს ჰქონდა დატოვებული.

"დედაჩემისთვის ჩემი ცხოვრება მისი ოცნებების ასრულება იყო, მაგრამ სულ ჰქონდა შიში, რომ რამე ცუდი მოხდებოდა, ის ომში გაიზარდა. მისი არ მესმოდა, თუმცა ახლა მესმის," - ამბობს ზებ ჰანიფა

ჰანიფა მალევე დააწინაურეს. ის დედასთან ერთად მოგზაურობასაც გეგმავდა, როდესაც პანდემია დაიწყო. ახლა კი ეჭვი ეპარება, რომ მოგზაურობის შანსი ოდესმე კიდევ ექნება:

"არ მგონია, ოდესმე კიდევ ვიმუშაო, ან გავაკეთო რამე, რაც მინდოდა მეკეთებინა... უამრავი ახალგაზრდა ქალია ჩემს მსგავსად, ჩვენი ოცნებები დაიმსხვრა... უკეთესი მომავლის იმედები კი ძალიან სწრაფად ქრება..." 

როგორც "ბლუმბერგი" წერს, ქაბულში თალიბანის შესვლის შემდეგ სასწავლებლებში ლექტორებმა ქალი მოსწავლეები დასამშვიდობებლად დაიბარეს. მასწავლებლებმა მათ უთხრეს, რომ შეიძლება ვეღარასოდეს შეხვედროდნენ და სხვა ყველასთან ერთად, ქალაქის დასატოვებლად გაეშურნენ. უნივერსიტეტები, სკოლები, ოფისები და მაღაზიები დაიხურა. 

ახლა დატვირთული მხოლოდ ერთი ბიზნესია - პროვინციებში ბურკის მაღაზიები გაიხსნა და ლურჯი სამოსი, რომელიც ქალს თავიდან ფეხებამდე სრულად ფარავს, ძვირფას და ძალიან საჭირო ნივთად იქცა. 

დღის ამბები