19 აპრილი 2024,   22:24
ვრცლად
დელტა შტამის გამო მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფი ტემპებით იზრდება - ქვეყნები ისევ აწესებენ შეზღუდვებს

რომის პაპი ხალხს აცრისკენ მოუწოდებს - "ვაქცინაცია არის მარტივი, მაგრამ მძლავრი გზა საერთო სიკეთის ხელშეწყობისთვის და ერთმანეთზე, განსაკუთრებით ყველაზე სუსტ პოზიციებზე მყოფ ადამიანებზე ზრუნვისთვის" - აცხადებს სასულიერო ლიდერი.

დელტა შტამის გამო მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფი ტემპებით იზრდება, ქვეყნები ისევ აწესებენ შეზღუდვებს. სიახლეებია იმუნიზაციის პროტოკოლებშიცკორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა მოზარდებში იტალიის შემდეგ ბრაზილიამაც დაიწყო.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, ინფიცირებისა და გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იმ ადგილებში ფიქსირდება, სადაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია. ჯანმოს პრეზიდენტმა მსოფლიოს ვაქცინების თანაბრად გადანაწილებისკენ დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ საზოგადებას შეერთებულ შტატებშიც. ქვეყანაში COVID-19-ის მესამე დოზის გაკეთება სექტემბრიდან დაიწყება. ამერიკა კვლავ ლიდერობს COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში. ბოლო მონაცემებით, 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ყოველდღიურად რეკორდული სტატისტიკა ფიქსირდება ფლორიდის, ლუიზიანას, ჰავაის, ორეგონისა და მისისიპის შტატებში.

შეერთებული შტატების შემდეგ პანდემიის მსხვერპლთა რიცხვით მეორე ადგილზეა ბრაზილია, სადაც ვირუსის ახალი ტალღის გამო გადატვირთულია საავადმყოფოები. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სან-პაულუს შტატის მერმა 12-დან 17 წლამდე მოზარდებისთვის ვაქცინაცია დაუშვა. დახურულ სივრცეებში კი მოსახლეობა ვალდებულია პირბადეები ატარონ და სოციალური დისტანცია დაიცვან.

კორონავირუსის მეხუთე ტალღაა ირანში. დელტა ვარიანტის გავრცელების ფონზე ქვეყანამ შეზღუდვები გაამკაცრა. თეირანში დაიხურა მაღაზიები, სამთავრობო შენობები და ბანკები. 27 აგვისტომდე პროვინციებს შორის გადაადგილება გამკაცრებულია.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვები დააწესეს ბალიზეც. ინდონეზიაში კვების ობიექტები საღამოს 8 საათამდე მხოლოდ ღია სივრცეებში მოემსახურებიან. 8 საათამდე მუშაობენ სავაჭრო მოლებიც, სადაც მხოლოდ ვაქცინირებულ პირებს აქვთ შესვლის უფლება. მოგზაურობის მსურველები კი ვალდებულები არიან აცრის მინიმუმ 1 დოზის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოადგინონ.

ავტორი: თიკო ცერცვაძე

დღის ამბები