19 აპრილი 2024,   11:36
ვრცლად
როგორია "დელტა" შტამის სტატისტიკა და რა რეგულაციებით ხვდებიან ქვეყნები სასწავლო სემესტრს - პანდემიას ბრძოლის მე-4 ეტაპი მსოფლიოში

211 მილიონზე მეტი ინფიცირებული და თითქმის 4,5 მილიონი გარდაცვლილი. ასეთია მსოფლიოს უახლესი კოვიდსტატისტიკა. ქვეყნების მთავარ გამოწვევად "დელტა" შტამი რჩება, მაგალითად ვირუსის ამ ვერსიის ცირკულირება გერმანიაში 99%-ია - შესაბამისად გაზრდილია ინფიცირების შემთხვევები ახალგაზრდებში.

მე-4 ტალღის პასუხად რეგულაციებს იღებს თურქეთი - აქ სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება, თუმცა არავაქცინირებულ პედაგოგებს მოუწევთ კოვიდ-ტესტი კვირაში ორჯერ გაიკეთონ. ტესტის რეგულარულად ჩატარებას მოსთხოვენ უნივერსიტეტების არავაქცინირებულ თანამშრომლებსა და სტუდენტებსაც. ასევე კინოთეატრებსა და საკონცერტო დარბაზებში მისულ აუცრელ მოქალაქეებს. მე-3 დოზით აცრის შესაძლებლობას აძლევს საკუთარ მოქალაქეებს ისრაელი.

"დელტა" შტამის შედეგად ამერიკის სამხრეთ შტატებში კლინიკები COVID-19-თან ბრძოლის ველად იქცა. ინფიცირებულების უმეტესობა არასრულად ვაქცინირებული პირია. ინტენსიური თერაპიის განყოფილებების 90% უკვე დაკავებულია. ათობით პაციენტი საკუთარ რიგს მოსაცდელში ელოდება.

შეერთებული შტატების მსგავსად რთული ვითარებაა გერმანიაშიც, სადაც უკვე კორონავირუსის მე-4 ტალღა დაიწყო, ახალი შემთხვევების 99% სწორედ "დელტა" ვარიანტზე მოდის. გაიზარდა დაინფიცირების მაჩვენებელი ახალგაზრდებში.

COVID-19-ის შემთხვევების ზრდის ფონზე, კარანტინი ერთი თვით გახანგრძლივდა სიდნეიში. ამოქმედდება კომენდანტის საათი. ახალი შეზღუდვები ძალაში ორშაბათიდან შევა.

იაპონიის შვიდ პრეფექტურაში საგანგებო სიტუაციის რეჟიმი ამოქმედდა. რეგულაციები, რომლებიც ძალაში სექტემბრის შუა რიცხვებამდე დარჩება ადამიანების თავშეყრას ზღუდავს.

დღეიდან თურქეთის, უკრაინისა და ჩრდილოეთ მაკედონიის კოვიდპასორტებს ევროკავშირი სცნობს. დოკუმენტს ისეთივე ძალა ექნება, როგორიც ევროკავშირის საბუთს აქვს. სერტიფიკატის მეშვეობით, ამ სამი ქვეყნის მოქალაქეებს თავისუფლად შეეძლებათ ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობა.

დღის ამბები