20 აპრილი 2024,   11:41
ვრცლად
ქაბულის აეროპორტთან ისევ ქაოსია - ერთმანეთს ავღანეთის უსაფრთხოების ძალები და დაუდგენელი პირები დაუპირისპირდნენ, დაიღუპა ერთი სამხედრო

ქაბულის აეროპორტთან ისევ ქაოსია - ისმოდა სროლის ხმა. გერმანიის ინფორმაციით, აეროპორტის შესასვლელთან ერთმანეთს ავღანეთის უსაფრთხოების ძალები და დაუდგენელი პირები დაუპირისპირდნენ, დაიღუპა ერთი სამხედრო, დაშავდა 3 პირი. ქვეყნიდან გაქცევის მსურველთა რაოდენობა მზარდია - შტატების ინფორმაციით, მხოლოდ შაბათ-კვირას ავღანეთიდან 11 000 ადამიანის ევაკუაცია მოახერხეს. ავღანეთში განვითარებულ მოვლენებზე ხვალ დიდი შვიდეულის ქვეყნები იმსჯელებენ.

ავღანეთის კრიზისის გამო პრეზიდენტმა ბაიდენმა სპეციალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია ავღანეთიდან ჯარების გაყვანის თარიღის გადავადებას განიხილავს.

ვაშინგტონის პოზიცია მიუღებელია თალიბანისთვის. რადიკალურ დაჯგუფებაში აცხადებენ, რომ ავღანეთში უცხოური ჯარების დარჩენას არ დაუშვებენ, რადგან ეს მათთვის ქვეყნის ოკუპაციის გაგრძელება იქნება.

ქაბულში თალიბანის ლიდერები მომავალი მთავრობის ფორმირებაზე მსჯელობენ. ჯერჯერობით მათ კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ. თალიბანი მოსახლოებას არწმუნებს, რომ მათი რეჟიმის პირობებში ავღანელებს საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა საპირისპიროზე საუბრობენ ადგილობრივები.

ამასობაში იზრდება ქვეყნიდან გაქცეული ავღანელი ლტოლვილების რიცხვი. მათი შეფარების სურვილი ათეულობით სახელმწიფომ გამოთქვა, თუმცა მათ შორის არ არის თურქეთი, საბერძნეთი, ავსტრია და რუსეთი.

მხოლოდ ბოლო 36 საათში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მოკავშირე ქვეყნებმა ავღანეთიდან 11 000 ადამიანის ევაკუაცია შეძლეს. ივლისის შემდეგ კი საერთო ჯამში ქვეყანა 33 000 ადამიანმა დატოვა.

დღის ამბები