20 აპრილი 2024,   14:07
ვრცლად
თითქმის 216 მილიონი ინფიცირებული და 4 მილიონზე მეტი გარდაცვლილი - ასეთია მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მონაცემები

თითქმის 216 მილიონი ინფიცირებული და 4 მილიონზე მეტი გარდაცვლილი - ასეთია მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მონაცემები. დელტა შტამის გამო სტატისტიკა მზარდია თითქმის ყველა ქვეყანაში.

ახალგაზრდებისა და ორსულების ინფიცირების სტატისტიკა ბოლო კვირაა, უცვლელია შეერთებულ შტატებში. გაორმაგებული კოვიდჰოსპიტალიზაციის მიზეზი დელტა შტამია, რის გამოც დაავადებულთა რიცხვი ყოველდღიურად 100 ათასს აჭარბებს. ადგილობრივი მთავრობები ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალს აცრისკენ მოუწოდებენ. ისინი კი, ვინც ვაქცინაზე უარს იტყვის, ყოველკვირეულ ტესტირებას გაივლიან.

რთული ეპიდემილოგიური ვითარებაა ევროპაშიც. გერმანიაში დელტა შტამის გავრცელების გამო, ეპიდემიის რეჟიმი გახანგრძლივდა. მთავრობა კოვიდრეგულაციების დაწესებაზე მსჯელობს.

იტალიამ კი შესაძლოა, სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღოს. საბოლოო გადაწყვეტილებას მთავრობა ერთ თვეში მიიღებს. სავალდებულო იმუნიზაციის დაწესების შემთხვევაში, ვაქცინაცია 12 წლის ასაკიდან ყველას მოუწევს.

სავალდებულო ვაქცინაცია არა, მაგრამ ბუსტერ დოზის კამპანია უკვე დაიწყო საფრანგეთმა. სექტემბრიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზას 65 წელს გადაცილებული პირები და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები მიიღებენ.

ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი უკრაინაშიც. ბოლო 24 საათში ვირუსი 2 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. იმ შემთხვევაში თუ სტატისტიკა კლებას არ დაიწყებს, ვირუსის შესაკავებლად მთავრობა ლოკდაუნის დაწესებას არ გამორიცხავს.

დღის ამბები