20 აპრილი 2024,   10:01
ვრცლად
"მიუხედავად გაკეთებული განმარტებებისა, ძალადობას არცერთ შემთხვევაში არ აქვს გამართლება" - მიხეილ სარჯველაძე დმანისზე

დმანისში განვითარებულ მოვლენებს უმრავლესობაში ეხმაურებიან. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ძალადობას გამართლება არ აქვს და სამართლებრივი რეაგირება უნდა დადგეს.

"პიროვნება გამოცხადდა თვითონ პოლიციის განყოფილებაში, შესაბამისად, ამის შემდეგ გაგრძელდება ალბათ საგამოძიებო მოქმედებები და შესაბამისად, ჩვენ გვეცოდინება მეტი ამ ინციდენტის თაობაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიუხედავად გაკეთებული განმარტებებისა, ძალადობას არც ერთ შემთხვევაში არ აქვს გამართლება,“ - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

მომხდარ ფაქტს აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი. 

"ყველაფერი გაკეთდება "ნაცმოძრაობის" მიერ, რომ ეს არჩევნების წინა პერიოდი იყოს დახუნძლული ესეთი ფაქტებით. რეალობა ეს არის. ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და ყველას უნდა მოვუწოდოთ, ნებისმიერ პოლიტიკური გემოვნების ადამიანს და პოლიტიკურ სუბიექტს, პატივი ვცეთ საზოგადოებას და პროვოცირების ეს ხარისხი რომელიც ჩვენ ბოლო პერიოდის მანძილზე გვიჩვენა "ნაცმოძრაობამ", უნდა გადავდოთ წარსულში. მაგრამ, ამასთანავე, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ დანაშაულის და სამართლის წინაშე ყველა ერთნი ვართ, რომელ პარტიასაც არ უნდა წარმოვადგენდეთ,“ - აცხადებს გიორგი ვოლსკი. 

დღის ამბები