23 ოქტომბერი 2021,   13:09
ვრცლად
ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ ვიყო თავშეკავებული, როდესაც კითხვა ისმევა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით, არ მინდა ამაზე ვისაუბრო - კახა კალაძე

საქართველოს პირველ არხზე თბილისის მერობის ყველა კანდიდატს შორის დებატები გაიმართა. დებატებში მერობის მსურველი 16 პირი მონაწილეობდა.

დებატების ფორმატიდან გამომდინარე მერობის კანდიდატებს თანაბარი პირობები ჰქონდათ იმისთვის, რომ ამომრჩევლებისთვის საკუთარი ხედვა და პროგრამა გაეცნოთ.

ნიკა მელიამ გადაცემა პროტესტის ნიშნად მისთვის განკუთვნილ პირველივე წუთზე დატოვა.

"ერთ სივრცეში მოძალადე, კორუმპირებულ, ძირგამომპალ ადამიანთან, რომელიც მართავს კრიმინალებს მე არ ვაპირებ ყოფნას. კარგად ბრძანდებოდეთ, დიდი მადლობა," - განაცხადა ნიკა მელიამ.

კანდიდატებმა ერთმანეთს შეკითხვებიც დაუსვეს. მათ შორის იყო გიორგი გახარია, რომელმაც კითხვით კახა კალაძეს მიმართა.

"დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ და შენი და ჩემი თანაგუნდელების ბრალდებები: ნარკომანობა, მოღალატეობა და სააკაშვილთან კავშირები, კონკრეტულად შენ - კახა კალაძე იზიარებ ამას თუ არა?" - განაცხადა გიორგი გახარიამ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ადამიანებთან ურთიერთობას გარკვეულ როლსა და უპირატესობას ანიჭებს და შესაბამისად, დისკუსიაში შემოსვლისგან თავი შეიკავა.

"ნარკომანობასთან დაკავშირებით, მგონი, არავის არ დაუბრალებია, არავის არ უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკომანია. რაც შეეხება, გიორგი, შენს საქციელს, მე ეს პირდაპირ ეთერშიც ვთქვი, შენც გითხარი და არ დამალავ, მე არ მომეწონა შენი გადაწყვეტილება, რომელიც თებერვალში მიიღე. 

მე არ შევალ ამ შინაარსში და არ მინდა ამაზე ვისაუბრო, ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ ვიყო თავშეკავებული, როდესაც კითხვა ისმევა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით. მე პირველ რიგში ვარ კაცი და მერე ვარ პოლიტიკოსი, შესაბამისად, ადამიანებთან ურთიერთობას მე გარკვეულ როლს და უპირატესობას ვანიჭებ, ამიტომ არ მინდა ამ დისკუსიაში შემოსვლა, თბილისმა და თბილისელებმა გადაწყვიტონ ყველაფერი," - აცხადებს კახა კალაძე.

დღის ამბები