24 აპრილი 2024,   18:48
ვრცლად
ხელისუფლების წარმომადგენლთა პოსტებზე ხშირია ტროლების, ბოტების მობილიზება, აღმოჩენილია 1 200-ზე მეტი არაავთენტური ანგარიში - შალვა პაპუაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარტიის სოციალური მედიის მონიტორინგის ჯგუფის მიერ ჩატარებული სოციალური მედიის მონიტორინგით გამოიკვეთა, რომ მიმდინარეობს პარტიის წარმომადგენლების დისკრედიტაცია, რაც მიზნად ისახავს ამომრჩევლების განწყობაზე ზემოქმედებას.

გარდა ამისა, პაპუაშვილის განმარტებით, მიმდინარეობს ეკლესიის, პატრიარქის დისკრედიტაცია და კორონავირუსის თემით მანიპულირება.

"ქართული ოცნების" სოციალური მედიის მონიტორინგის ჯგუფი აწარმოებს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში სოციალური მედიის მონიტორინგს. მონიტორინგის ობიექტს წარმოადგენენ სოციალურ მედიაში არსებული პარტია "ქართული ოცნების" და ხელისუფლების მადისკრედიტირებელი არაავთენტური რესურსები.

ანგარიშში ძირითადი ყურადღება ეთმობა იმ გვერდებს, რომლებიც თავისი ქცევიდან გამომდინარე, ზიზღის ენის გამოყენებით და დეზინფორმაციის გავრცელებით, ახდენენ "ქართული ოცნების" და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების დისკრედიტაციას, ცდილობენ ამომრჩეველთა განწყობებზე ზემოქმედებას და ხელს უწყობენ საზოგადოების პოლარიზებას.

იგივე სახის კვლევა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდეც ჩატარდა, რის შედეგადაც გამოვლენილი არაავთენტური გვერდების შესახებ ეცნობა "ფეისბუქის" ადმინისტრაციას. ისევე, როგორც 2020 წელს ახლაც, მთლიანი კვლევა რომელიც თითქმის 150 გვერდს მოიცავს გაეგზავნება "ფეისბუქის" ადმინისტრაციას, ისევე როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს.

მონიტორინგის პროცესის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი მიგნებები: სოციალურ მედიაში ყალბი გვერდების და ოპოზიციური პარტიების ოფიციალური სპიკერების აქტიურობა, ხშირ შემთხვევაში, შინაარსობრივად იდენტურია და კოორდინირებული ქცევით გამოირჩევა. ხელისუფლების წარმომადგენლების პოსტებზე, მათი დისკრედიტაციის მიზნით, ხშირია "ტროლების" და "ბოტების" მობილიზების შემთხვევები.

პირველადი დაკვირვების შედეგად აღმოჩენილია 1200-ზე მეტი არაავთენტური ტიპის ანგარიში. ოპოზიციური პარტიების ოფიციალური სპიკერების, მათთან აფილირებული ავთენტური და ყალბი რესურების მადისკრედიტირებელი და ზიზღის ენის შემცველ ქცევას, ძირითადად სამი მიმართულება აქვს: "ქართული ოცნების" წარმომადგენლების დისკრედიტაცია, რაც მიზნად ისახავს ამომრჩევლების განწყობაზე ზემოქმედებას. ეკლესიის და პატრიარქის დისკრედიტაცია. კოვიდ 19-ის პანდემიის თემით მანიპულირება," -განაცხადა პაპუაშვილმა.

დღის ამბები