მმართველ გუნდში ოპონენტების მხრიდან პროვოკაციებს არ გამორიცხავენ. მათი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა ოპოზიცია კამპანიის წარმოების ნაცვლად პროვოკაციული ქმედებებით არის დაკავებული.
"კამპანია საერთო ჯამში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა აწარმოოს თავისი საარჩევნო კამპანია, გამართოს შეხვედრები ამომრჩეველთან, წარუდგინონ თავიანთი საარჩევნო პროგრამა თუ გააჩნიათ ასეთი რამე. ძალიან კარგია, რომ ასეთ ვითარებაში მიმდინარეობს თუ არ ჩავთვლით ასეთ პროვოკაციებს. არ გამოვრიცხავ, რომ პროვოკაციები კიდევ მოეწყოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან, ეს მათი ხელწერაა," - განაცხადა კახა კალაძემ.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ მთავარია, ყველას გააჩნია საშუალება საარჩევნო პროგრამა თავის ამომრჩეველს გააცნოს.
"ნაცების" ცალკეულ გამოხტომებს თუ არ ჩავთვლით საარჩევნო გარემო მშვიდია და მთავარია, რომ ყველას აქვს საშუალება თავის საარჩევნო პროგრამა გააცნოს ამომრჩეველს, თუმცა ამით რატომღაც ოპოზიციური პარტიები არ სარგებლობენ, რაღაც ქაოსის შექმნას ცდილობენ. არ გამოუვათ, ახლა ამ ქვეყანაში რაღაც მოლოდინები და წარმოდგენები, რაც მათ აქვთ, ამათ აღსრულება არ უწერია იმიტომ, რომ ვცხოვრობთ ძლიერ და დემოკრატიულ ქვეყანაში და ამ პროვოკაციებზე არავინ აპირებს წამოგებას," – აცხადებს მამუკა მდინარაძე.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მათი მხრიდან სიძულვილის ენით საუბარი არ ხდება და ბრალდებები მათი ოპონენტების მორიგი მცდელობაა სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის.
"არანაირი სიძულვილის ენა არანაირ გამოსვლაში თუ მოსახლეობასთან შეხვედრაში არც ერთ „ქართული ოცნების“ წევრს არ გამოუხატია, პირიქით ხდება ეს ყველაფერი. მაშინ, როდესაც ვხედავთ, რომ არც ერთი ოპოზიციური პარტია და მათი წარმომადგენლები ფაქტობრივად სრულყოფილ საარჩევნო კამპანიას არ ატარებენ, მხოლოდ ერთადერთით არიან დაკავებული, რომ ყოველდღე მოაწყონ პროვოკაცია და ჩირქი მოსცხონ საარჩევნო კამპანიას," - განაცხადა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ამილახვარმა.